რაგბი აფრიკა - 2023 წლის მსოფლიო თასის საგზურისთვის ბრძოლას 8 ქვეყანა განაგრძობს

რაგბი აფრიკა - 2023 წლის მსოფლიო თასის საგზურისთვის ბრძოლას 8 ქვეყანა განაგრძობს

აფრიკის ზონაში 2023 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი და მეორე რაუნდი დასრულდა, რომელმაც რვა უძლიერესი გუნდი გამოავლინა და ისინი მეოთხედფინალიდან განაგრძობენ საფრანგეთში გასამგზავრებელი საგზურისთვის ბრძოლას. 

პირველი რაუნდი ივნისში, ბურკინა ფასოში გაიმართა და მონაწილეობა სამმა გუნდმა ბურკინა ფასომ, კამერუნმა და ბურუნდიმ მიიღო, რომელთაგან ყველაზე ძლიერი მასპინძელი გუნდი გამოდგა და მეორე რაუნდში გადაინაცვლა, სადაც 12 გუნდი ოთხ სამგუნდიან ჯგუფში გადანაწილდა - მესამე რაუნდში თამაშის უფლება რვა გუნდს უნდა მოეპოვებინა, ანუ თითო ჯგუფიდან ორ საუკეთესოს. 

A ჯგუფში სამივე გუნდმა თითო მატჩში იმარჯვა, თუმცა ნამიბიამ და კოტ დ'ივუარმა 5 ქულა დააგროვეს, ხოლო მადაგასკარმა 4 და შემდეგ ეტაპზე სწორედ თავიდან ხსენებული ორი გუნდი გავიდა. B ჯგუფში მოულოდნელად სენეგალმა იპირველა, მეორე ადგილზე კენია გავიდა, ხოლო ზამბიამ ორივე მატჩი დათმო. C ჯგუფში ასევე სამივე გუნდმა თითო მატჩის მოგება მოახერხა, თუმცა უგანდა და ალჟირმა ბონუს ქულების ხარჯზე განას აჯობეს, D ჯგუფში კი ტუნისის ნაკრები ბოლო მომენტში ტურნირს კორონავირუსის გამო გამოეთიშა და შემდეგ ეტაპზე ავტომატურად ზიმბაბვე და ბურკინა ფასო გავიდნენ. 

მეოთხედფინალური მატჩები 2022 წელს გაიმართება, ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია. გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ: 

ნამიბია - ბურკინა ფასო
ზიმბაბვე - კოტ დ'ივუარი
სენეგალი - ალჟირი
უგანდა - კენია

2021-2022 წლების სეზონის აფრიკის თასის გამარჯვებული 2023 წლის მსოფლიო თასის საგზურს მოიპოვებს, ხოლო ფინალისტი რეპეშაჟში გადაინაცვლებს და საფრანგეთში გასამგზავრებლად კიდევ ერთ შანსს მიიღებს. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"