შოტლანდიასთან მატჩი გაუქმდა - საქართველოს ნაკრების ბანაკში კორონავირუსის 6 შემთხვევა დადასტურდა

შოტლანდიასთან მატჩი გაუქმდა - საქართველოს ნაკრების ბანაკში კორონავირუსის 6 შემთხვევა დადასტურდა

17 ივლისს თბილისში გასამართი საქართველოს და შოტლანდიის ნაკრებების ტესტ-მატჩი გაუქმებულია - ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ ჯერ შოტლანდიის, შემდეგ კი საქართველოს რაგბის კავშირებმა დაადასტურეს.

მიზეზი საქართველოს ნაკრებში დაფიქსირებული კოვიდ 19-ის შემთხვევებია. "ბორჯღალოსნების" ბანაკში 6 წევრს აღმოაჩნდა კორონავირუსი რის გამოც ნაკრები 12-დღიან იზოლაციაში გადავიდა. ნაკრები შინ დაბრუნების შემდეგ 8 დღის განმავლობაში იქნება იზოლაციაში. შესაბამისად, 17 ივლისს მატჩის ჩატარება შეუძლებელი გახდა.

"სამწუხაროდ, ძალიან არ გაგვიმართლა. ვირუსის 3 შემთხვევას, ორი დღის წინ კიდევ 3 დაემატა, რაც შტამის სირთულიდან გამომდინარე უკვე დიდი ციფრია. ასეთ დროს, რეგულაციის თანახმად, შინ დაბრუნებული მოთამაშეები იზოლაციაში უნდა გადავიდნენ და ვერ ივარჯიშებენ. არის რისკი, რომ ვირუსი სხვა მოთამაშეებსაც ჰქონდეთ და ის ინკუბაციის პერიოდის გასვლის შემდეგ გამოვლინდეს. ამიტომ, მსოფლიო რაგბის, ჩვენი და შოტლანდიის რაგბის კავშირების ერთობლივი გადაწყვეტილებით, ეს თამაში გაუქმდა.

გვსურდა, რომ შოტლანდიასთან თამაში 24 ივლისს გადაგვეტანა, მაგრამ ის არ ჯდება მსოფლიო რაგბის საერთაშორისო მატჩების ფანჯარაში, რაც როგორც საქართველოს, ასევე შოტლანდიის ნაკრებების მოთამაშეებს კლუბებთან პრობლემებს შეუქმნიდათ. ძალიან სამწუხაროა ასეთი მნიშვნელოვანი ზაფხულის ტესტები რომ გაგვიუქმდა. კიდევ კარგი სამხრეთ აფრიკასთან ერთი ისტორიული ტესტის გამართვა მოვასწარით, სადაც გუნდმა ღირსეული თამაში აჩვენა. შოტლანდიასთან შეხვედრა უნდა გამხდარიყო ამ სერიის კულმინაცია და არავინ იცის ის რა შედეგით დასრულდებოდა, თუმცა რეალობას ვეღარ შევცვლით და ახლა უნდა მოვემზადოთ შემოდგომისთვის, ჯერ ფრენჩაიზის და მერე ნაკრების მატჩებისთვის", -
ციტირებს ბაჩო ხურციძის სიტყვებს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდი. 

რაგბის კავშირის ცნობით, კორონავირუსი ნაკრების მთავარ მწვრთნელს ლევან მაისაშვილს დაუდასტურდა, ხოლო ინფიცირებული მორაგბეების ვინაობა არ დასახელებულა. 

როგორც იცით, ვირუსის შემთხვევები შოტლანდიის ნაკრებშიც იყო გამოვლენილი, რის გამოც 10 ივლისს რუმინეთთან გასამართი მატჩი გაუქმდა. "ნარშავების" რიგებში კოვიდი აღარ დაფიქსირებულა და მიმდინარე კვირაში ისინი ვარჯიშსაც დაუბრუნდნენ, თუმცა საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ზაფხულის ტესტებს უთამაშებლად დაასრულებენ.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"