ბაჩო ხურციძე: "სულმოუთქმელად ველით ევროპის სუპერთასის დაწყებას და მასში ჩვენი ახალი გუნდის ჩართვას"

ბაჩო ხურციძე: "სულმოუთქმელად ველით ევროპის სუპერთასის დაწყებას და მასში ჩვენი ახალი გუნდის ჩართვას"

გუშინ "მსოფლიო რაგბიმ" და "რაგბი ევროპამ" ერთობლივად შექმნილი ახალი ევროპული საკლუბო ტურნირის შექმნა დაადასტურეს.
 
ტურნირს "რაგბი ევროპის სუპერ თასი" ერქმევა, რომლის სადებიუტო სეზონშიც 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას - 2 კლუბი და 6 ფრენჩაიზი, რომლებიც ორ ოთხგუნდიან დასავლეთ და აღმოსავლეთ კონფერენციაში გადანაწილდებიან. 

დასავლეთ კონფერენციაში "კასტილია და ლეონი იბერიანსი" (ესპანეთი), "ბრიუსელ დევილსი" (ბელგია), "დელტა" (ნიდერლანდები) და "ლუზიტანოს XV" (პორტუგალია) ითამაშებენ, ხოლო აღმოსავლეთ კონფერენციაში, მას შემდეგ, რაც გერმანიამ და რუმინეთმა წლევანდელ სეზონში თამაშზე უარი თქვეს, ორი რუსული კლუბი "ენისეი" და პენზას "ლოკომოტივი", ებრაული "თელ-ავივ ჰითი" და პირველი ქართული ფრენჩაიზი "ბლექ ლაიონი" ითამაშებენ. 

ჯგუფურ ეტაპზე თითოეული გუნდი ერთმანეთის წინააღმდეგ შინ და გასვლაზე ითამაშებენ. თითოეული კონფერენციის ორ-ორი საუკეთესო გუნდი ნახევარფინალში გავლენ.

ჯგუფური ეტაპის მატჩები სექტემბერ-დეკემბერში გაიმართება (18-19 და 25-26 სექტემბერი, 23-24 და 30-31 ოქტომბერი და 4-5 და 11-12 დეკემბერი), ნახევარფინალები აპრილში შედგება, ხოლო ფინალი 2022 წლის მაისში გაიმართება.

აღნიშნული ტურნირის ოფიციალურად წარდგენის შემდეგ, საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურმა ვებგვერდმა ბაჩო ხურციძის კომენტარი გამოაქვეყნა, რომელშიც რაგბის კავშირის ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი ახალი შეჯიბრების მნიშვნელობაზე საუბრობს და კმაყოფილია, რომ სულ მალე პირველი ქართული ფრენჩაიზი ასპარეზობას დაიწყებს.

"ფრენჩაიზი ქართული რაგბის განვითარების ქვაკუთხედია, მთავარი კომპონენტი მისი წინსვლისთვის და უმნიშვნელოვანესი იყო მისი შექმნა. სულმოუთქმელად ველით ევროპის სუპერთასის დაწყებას და მასში ჩვენი ახალი გუნდის ჩართვას. გვაინტერესებს როგორ განვითარდება ეს პროექტი. პირველი თამაშები სექტემბერშია დაგეგმილი და გულშემატკივარს ნამდვილი სარაგბო ზეიმი ელით,

მიუხედავად იმისა, რომ სამომავლოდ გვსურს ჩვენმა ფრენჩაიზმა უფრო ძლიერ ტურნირებში მიიღოს მონაწილეობა (მაგ. კელტური ლიგა), ამ ეტაპზე რაგბი ევროპის სუპერთასში ჩართვა, ამ ახლად შექმნილი ფრენჩაიზისთვის ზედგამოჭრილია. მასში საკმაოდ ძლიერი გუნდები მონაწილეობენ და მათი რაოდენობა კიდევ გაიზრდება. გარდა ამისა, სამომავლოდ ევროპის სუპერთასი გახდება ჩელენჯ ქაფის შესარჩევი ეტაპი. პარალელურად, გვაქვს მოლაპარაკება სამხრეთ აფრიკასთან და ჩვენი ფრენჩაიზი „ქარი ქაფშიც“ მიიღებს მონაწილეობას ", - ამბობს ხურციძე. 

მან ისაუბრა იმაზეც, თუ რატომ დაერქვა პირველ ქართულ ფრენჩაიზს "შავი ლომი"/"ბლექ ლაიონი". 

"გულშემატკივრები ბორჯღალოსნებს ხშირად მოიხსენიებენ ლომებად; მსგავსი სახელით სპორტულ სივრცეში არცერთი გუნდი არ არის; არაოფიციალურ სარაგბო ჰიმნში არის ფრაზა – „თავისუფლება ლომთა ხვედრია“. გარდა ამისა, ინსპირაცია იყო ცნობილი ქართველი მხატვრის ნახატი შავი ლომი, რაც მისი ფანტაზიის ნაყოფია და სხვადასხვა ვარიანტები არჩევანი ამ სახელზე შევაჩერეთ."

მისი თქმით, ფრენჩაიზისთვის დასვენების კვირეებში მორაგბეებს შეეძლებათ, რომ დიდი 10-ის გუნდებში ითამაშონ, რათა სათამაშო პრაქტიკა მიიღონ.

"გვაქვს ვალდებულება, რომ ფრენჩაიზში მინიმუმ 36 მოთამაშე გვყავდეს დაკონტრაქტებული. ეს არის საშუალება, რომ შევამციროთ მოთამაშეთა გადინება დაბალი დონის კლუბებსა და ჩემპიონატებში. ამ ეტაპზე კონტრაქტი გავაფორმეთ იმ მორაგბეებთან, რომლებიც სანაკრებო სივრცის (ბორჯღალოსნები, 7-კაცა) მოთამაშეებად მოიაზრებიან და კონტრაქტიდან თავისუფალი იყვნენ. ერთი წლის შემდეგ შეგვეძლება პერსპექტიული მოთამაშეების დამატება საფრანგეთის სხვადასხვა დივიზიონიდან.

ჩვენი სურვილია, რომ შიდა ჩემპიონატის კლუბებს მიეცეთ შესაძლებლობა და ფრენჩაიზიდან დიდი 10-ისთვის დაარეგისტრირონ მაქსიმუმ 3-3 მოთამაშე. როდესაც ‘შავ ლომს’ არ ექნება თამაშები, ან რომელიმე მორაგბე ვერ მოხვდება სამატჩო განაცხადში, მათ შეეძლებათ კლუბების გაძლიერება და არც თავად დააკლდებათ სათამაშო პრაქტიკა. ეს არის აპრობირებული მეთოდი. მსოფლიოს ყველა წამყვანი ფრენჩაიზის მორაგბე, თავისუფალ დროს ამა თუ იმ კლუბის შემადგენლობაში თამაშობს შიდა ჩემპიონატში. ეს მოთამაშეებისთვისაც კარგი იქნება, კლუბებსაც წაადგება და ჩემპიონატსაც გააძლიერებს", -
ციტირებს ხურციძის სიტყვებს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდი. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"