წინათქმა: საქართველო VS ნიდერლანდები

წინათქმა: საქართველო VS ნიდერლანდები

დღეს თელავში 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მორიგი შეხვედრა გაიმართება, რომელიც საქართველოს ნაკრებისთვის დასკვნითი იქნება, ხოლო ნიდერლანდებისთვის - პირველი.

გამოკვეთილი ფავორიტი აშკარაა. რასაკვირველია, მატჩის დაწყებამდე გამარჯვებულს არ ასახელებენ, თუმცა ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც გულშემატკივარი მოწინააღმდეგის პატივისცემის მიუხედავად, ფიქრობს იმაზე, თუ რა ანგარიშით გაიმარჯვებს საქართველო. დიახ, "ბორჯღალოსნები" რომ ამ მატჩს მოიგებენ, ამაში ალბათ ეჭვი არავის ეპარება, თუმცა საინტერესოა ის, თუ როგორ შეძლებენ ამის გაკეთებას, როგორ სტილში ითამაშებენ, რამდენ ლელოს გაიტანენ და ა.შ. ნიდერლანდებისგან კი, საინტერესო იქნება, თუ რამდენად შეძლებს წინააღმდეგობის გაწევას ბევრად მაღალი დონის მეტოქისთვის და შეძლებს თუ არა ლელოს დადებას. 

ეს არის ზოგადი მოლოდინი გულშემატკივრებისგან, თორემ მატჩის დაწყებამდე ტაბლოზე ორივე გუნდს 0 უწერია და დანარჩენი უშუალოდ მოედანზე გამოჩნდება. 

საქართველო


"ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი ამ მატჩს სამხრეთაფრიკული ტურნესთვის მოსამზადებელ ეტაპად განიხილავს. 

"ბორჯღალოსნების" 23-კაციან განაცხადში ერთი უკეპო მოთამაშეა - 20-წლამდელთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი ილია სპანდერაშვილი, რომელიც ძირითად შემადგენლობაშია და რვა ნომრის პოზიციაზე ითამაშებს. ასევე აღსანიშნავია ნიკოლოზ ხატიაშვილის სასტარტოში ყოფნა, რომელმაც ბოლოს ნაკრების რიგებში 2017 წელს არგენტინის წინააღმდეგ ითამაშა. წლევანდელ რაგბი ევროპაზე პირველ შეხვედრას ჩაატარებს ვასილ ლობჟანიძე, რომელსაც გაზაფხულზე კორონავირუსის გამო არ უთამაშია.

გარდა ამისა, თავდაპირველად დასახელებული გაფართოებული 37-კაციანი შემადგენლობიდან სამი მორაგბე დაშავდა და სამივე უკანახაზელი - სანდრო თოდუა, ლაშა ხმალაძე და დავით მესხი. როგორც ირკვევა, თოდუა და ხმალაძე ზაფხულის ტესტებს მთლიანად გამოტოვებენ, ხოლო მესხმა, შესაძლოა, დასკვნით მატჩში 17 ივლისს შოტლანდიასთან საშინაო მატჩში ითამაშოს. მათ ნაცვლად გაფართოებულ შემადგენლობას ქუთაისის "აიას" შუამარბი ირაკლი სიმსივე დაემატა. 

ლევან მაისაშვილი: "მივესალმები რაგბის კავშირის ინიციატივას, რომ რაგბი რეგიონებში გავიდეს და გულშემატკივრებს ამ ტიპის თამაშების ხილვის შესაძლებლობა ჰქონდეს. კახეთი არაჩვეულებრივი მხარეა და სანაკრებო მატჩის თელავში გამართვა, რეგიონში რაგბის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. კოვიდ-პანდემიის გამო სტადიონზე მაყურებელთა მხოლოდ 30% დაიშვება და ვიმედოვნებ, რომ ისინი კარგი შთაბეჭდილებების ქვეშ იქნებიან.

რაც შეეხება შემადგენლობას, სამხრეთ აფრიკაში 32 მოთამაშე მიდის და სამატჩო რაზმი მათგან შეირჩა. გამომდინარე იქიდან, რომ მოთამაშეთა ნაწილმა კივიდ 19 გადაიტანა, სელექციისას ლიმიტირებული ვიყავით. 26 ივნისის შეხვედრას განვიხილავთ როგორც მოსამზადებელ ეტაპს სამხრეთ აფრიკული ტურნეს წინ. დიდი ხანია ერთად არ გვითამაშია და საჭიროა შეთამაშება.


ნიდერლანდებთან რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო შეხვედრას გავმართავთ. უკვე ჩემპიონები ვართ და ამ თამაშს სიმბოლური დატვირთვა აქვს. მოწინააღმდეგე დებიუტანტია. ბელგიის დამარცხებით მათ მიზანს მიაღწიეს და დასაკარგი არაფერი აქვთ. დარწმუნებული ვარ შესაძლებლობების მაქსიმუმს აჩვენებენ, თუმცა ჩვენ ჩვენი მიზნები გვაქვს. ვეცდებით სანახაობრივი რაგბი ვაჩვენოთ და მოვემზადოთ სამხრეთ აფრიკული ტურნესთვის."

მერაბ შარიქაძე: "მარტყოფში ორკვირიანი, პროდუქტიული მომზადება გავიარეთ. ნიდერლანდებთან მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს, რადგან ეს რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი შეხვედრაა და მერე მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკას ორჯერ შევხვდებით. შესაბამისად, გარდა გამარჯვებისა მნიშვნელოვანია, რომ ის უფრო დიდი შეხვედრებისთვის მოსამზადებლად გამოვიყენოთ." 

უკანა ხაზი

15. დავით ნინიაშვილი (5 კეპი, 5 ქულა), 14. აკა ტაბუცაძე (11 კეპი, 45 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (33 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (76 კეპი, 60 ქულა), 11. მირიან მოდებაძე (15 კეპი, 35 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (24 კეპი, 160 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (57 კეპი, 45 ქულა);

შერკინება 

1. ნიკოლოზ ხატიაშვილი (4 კეპი), 2. ჯაბა ბრეგვაძე (65 კეპი, 25 ქულა), 3. გიორგი მელიქიძე (27 კეპი, 15 ქულა), 4. ნოდარ ჭეიშვილი (30 კეპი), 5. კოტე მიქაუტაძე (66 კეპი, 10 ქულა), 6. მიხეილ გაჩეჩილაძე (16 კეპი, 10 ქულა), 7. ბექა საღინაძე (20 კეპი, 15 ქულა), 8. ილია სპანდერაშვილი (უკეპო);

მარქაფა

16. შალვა მამუკაშვილი (82 კეპი, 55 ქულა), 17. გურამ გოგიჩაშვილი (21 კეპი, 5 ქულა), 18. გია ხარაიშვილი (4 კეპი), 19. გიორგი ჯავახია (5 კეპი), 20. ირაკლი ცხადაძე (3 კეპი); 21. მიხეილ ალანია (4 კეპი), 22. დემურ თაფლაძე (8 კეპი, 5 ქულა), 23. გიორგი ბაბუნაშვილი (2 კეპი, 3 ქულა).


ნიდერლანდები
 
ნიდერლანდების ნაკრებს საქართველოს დონის გუნდის წინააღმდეგ ძალიან დიდი ხანია აღარ უთამაშია. როგორც იცით, "ნარინჯისფრებმა" 29 მაისს პლეი-აუტში ბელგია დაამარცხეს და 2002 წლის შემდეგ პირველად, რაგბი ევროპის ელიტაში თამაშის უფლება მოიპოვეს, 19 წლის განმავლობაში კი ქვედა დივიზიონებში გამოდიოდნენ. 

23-კაციანი განაცხადიდან 15 მორაგბე ნიდერლანდების ჩემპიონატში ასპარეზობს, ხოლო რვა ლეგიონერია. ძირითად შემადგენლობაშია 23 წლის მეორეხაზელი კუნ ბლუმენი, რომელმაც გასულ სეზონში ფრანგულ "ბურგ-ეგ-ბრესის" რიგებში ნასიონალში 10 შეხვედრა ჩაატარა და პრო დ2-ში აღზევდა, "ბრივის" ესპუარებში ასპარეზობს 21 წლის რვა ნომერი დეივ კულმანი, რომელიც ასევე სასტარტოშია, ხოლო მარბიელი ფან დე ფენი ესპანურ "ალკობენდასში" ასპარეზობს, დანარჩენი ხუთი მორკინალი ადგილობრივ ჩემპიონატში ირჯება.

ლეგიონერები არიან შუამარბები, კაპიტანი დავიდ ვირსმა ესპანურ "აპარეხადორესში" თამაშობს, ხოლო ბარტ ვირენხა ნასიონალში დაქვეითებულ "ვალანს რომანსში". მარქაფაში კიდევ სამი ლეგიონერია: "ეალინგ ტრაილფინდერსის" კვაჭი მაიქ მბოდი, რომლის გუნდიც ჩემპიონშიპის ფინალში გავიდა, თუმცა "სარასენსთან" დიდი სხვაობით დამარცხდა, ფედერალ 3-ის "ლეჟევინუას" ჰავბექი უგო შიოლერი და პრო დ2-ში აღზევებული "ნარბონის" ესპუარების შუამარბი დეილი ოუენ ლიმენი. 



ურთიერთშეხვედრები

საქართველოს და ნიდერლანდების ნაკრებს აქამდე ერთმანეთის წინააღმდეგ 4-ჯერ უთამაშიათ. პირველი შეხვედრა 1995 წელს შედგა და მეტოქემ შინ 55:3 იმარჯვა, ამის შემდეგ კი სამივე მატჩში საქართველომ მოიგო - 2000-2002 წლებში "ბორჯღალოსნებმა" ნიდერლანდები ასეთი ანგარიშებით დაამარცხეს: 41:6, 32:3 და 88:0.  

მსაჯები

შეხვედრას რუმინული სამსაჯო ბრიგადა მოემსახურება. მატჩს ალეკსანდრუ იონესკუ გაუძღვება, რომელსაც კიდეებიდან მიხაი ვეკარუ და ვლად იორდეკუსკუ დაეხმარებიან, ხოლო ვიდეორეფერი კრისტიან რედუცა იქნება. 

სად ვუყუროთ? 

მატჩი 17 საათზე დაიწყება და მას ტელეკომპანიას იმედის და რაგბი ტვ-ის ეთერში იხილავთ.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"