ლევან მაისაშვილი: "გუნდის სრულად შეკრება ნიდერლანდებთან თამაშის კვირამდე ვერ მოხერხდება"

ლევან მაისაშვილი: "გუნდის სრულად შეკრება ნიდერლანდებთან თამაშის კვირამდე ვერ მოხერხდება"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა იმ 37 მორაგბის ვინაობა დაასახელა, რომლებიც გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვდნენ და ზაფხულის ტესტებისთვის მარტყოფის სარაგბო ბაზაზე, ორკვირიან შეკრებას გაივლიან. 

საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ნიდერლანდებთან მატჩის კვირაში, გაფართოებული შემადგენლობა 33 მორაგბემდე შემცირდება. 

გაფართოებულ შემადგენლობაში შვიდი დებიუტანტია: ბურჯები მიხეილ ორაგველიძე და ლუკა ჯაფარიძე, კვაჭი ლუკა ნიორაძე, მეორეხაზელი მიხეილ ბაბუნაშვილი, მესამეხაზელი ილია სპანდერაშვილი, შუამარბი ოთარ ლაშხი და ფრთა დავით მესხი. სიაშია ნიკოლოზ ხატიაშვილი, რომელმაც ბოლოს ნაკრებში 2017 წელს ითამაშა. ასევე აღსანიშნავია გიორგი ცუცქირიძის დაბრუნება, რომელმაც ტრავმის გამო შემოდგომის ერთა თასი და გაზაფხულზე გამართული რაგბი ევროპის მატჩები გამოტოვა. 

განაცხადის გამოცხადების შემდეგ რაგბის კავშირის ვებგვერდზე ლევან მაისაშვილის კომენტარი გამოქვეყნდა, რომელმაც არსებულ შემადგენლობაზე, მოსამზადებელი შეკრების მიმდინარეობაზე და მომდევნო მატჩებზე ისაუბრა.

"მოსამზადებლად ძალიან კარგი პირობებია და რაც მთავარია, კოვიდ-რეგულაციებიდან გამომდინარე, სრულიად იზოლირებული ვართ. ამ ორ კვირას, გარე სამყაროსგან მოწყვეტილი, ჩვენ და ბაზის პერსონალი ერთად გავატარებთ. 

ზაფხულის ტურნეს სიმძიმიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, არსებული რესურსით მაქსიმალურად ძლიერი შემადგენლობა შევარჩიეთ. სამწუხაროდ, გვაკლიან ტრავმირებული მოთამაშეები. გარდა ამისა, ტოპ 14-სა (ერთი ეტაპი) და პრო დ2-ში პლეი ოფები ახლა დასრულდა და ამ გუნდის მოთამაშეები ჯერ არ ჩამოსულან. ‘რასინგი’ ნახევარფინალშია და გურამ გოგიჩაშვილი გუნდთან ერთადაა, მოგვიანებით დაგვემატება ბექა გიგაშვილი, რომელსაც მცირე ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. შეკრება ადრე უნდა დაგვეწყო, თუმცა დიდი 10-ის ფინალმა გადაიწია და გვიან შემოგვიერთდნენ ამ კლუბების მოთამაშეები.

შეკრების პირველ კვირაში შემადგენლობა სამ ჯგუფად გვეყოლება გაყოფილი. ძირითადი ბირთვის გარდა, ცალკე ვარჯიშობენ ლიმიტირებული მორაგბეები. ესენი არიან მოთამაშეები, რომლებმაც ცოტა ხნის წინ გადაიტანეს კოვიდი, ან ასრულებენ ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციას. ისინი ცალკე, ფიზ.მომზადების ჯგუფის დაკვირვების ქვეშ ვარჯიშობენ. ასევეა რისკ ჯგუფი – ფინალში მოთამაშე მორაგბეები, რომლებიც იზოლირებულად ივარჯიშებენ. კვირაში სამჯერ გავიკეთებთ ტესტებს და როგორც კი ვირუსის გავრცელების რისკი გამოირიცხება, გუნდის საერთო სქემასა და მონახაზზე დავიწყებთ მუშაობას. გუნდის სრულად შეკრება ნიდერლანდებთან თამაშის კვირამდე ვერ მოხერხდება. ამ ერთ კვირას გამოვიყენებთ უნარების გასაუმჯობესებლად და სათამაშო სქემის მცირე დეტალებზე ვიმუშავებთ.

გამომდინარე იქიდან, რომ გიგაშვილი და გოგიჩაშვილი გვიან ჩამოდიან, პირველი ნომრის დაკლების რისკი გვქონდა. საჭირო იყო დაზღვევა და მსჯელობის შემდეგ არჩევანი ორაგველიძეზე შევაჩერეთ, რომელიც ძლიერია სტატიკაში. პირველ ხაზში ასევე გვყავს ბურჯი ლუკა ჯაფარიძე და კვაჭი ლუკა ნიორაძე. ჯაფარიძე იმ ბურჯთაგანია, რომელსაც ტოპ 14-ში დიდი სათამაშო დრო ქონდა და მას ყურადღებით ვაკვირდებოდით. ის გვყავდა 3-დღიან შეკრებაზე საფრანგეთში, კარგია სტატიკაში და საინტერესო შეტევაში. პრო დე2-ში საკუთარ პოზიციაზე საკმარისი სათამაშო დრო ჰქონდა ახალგაზრდა ნიორაძეს და მას შეკრებაზე დავაკვირდებით.

მეორე და მესამე ხაზში ბაბუნაშვილს და სპანდერაშვილს ვნახავთ. მათ 20-წლამდელთა ნაკრებიდან ვიცნობთ. სპანდერაშვილმა რუსეთის ჩემპიონატი მაღალ დონეზე ჩაატარა, ასევე გვყავდა რეზერვად კალინინგრადში გამართულ შეხვედრაში. ლაშხი გაფართოებულ შეკრებაზე აქამდეც გვყავდა. ის ამ პოზიციისთვის საჭირო უნარებს და იქს-ფაქტორს ფლობს. წელს რუსეთში კარგი სეზონი ჰქონდა და ტრავმის შემდეგ ფლეი ოფებსა და ფინალში ბრწყინვალედ ითამაშა მესხმა. დათო ძალიან სწრაფია, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია", -
ციტირებს მაისაშვილის სიტყვებს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდი.

საქართველოს ნაკრების განრიგი ზაფხულის ტესტებზე:

26 ივნისი, საქართველო - ნიდერლანდები
2 ივლისი, სამხრეთ აფრიკა - საქართველო
9 ივლისი, სამხრეთ აფრიკა - საქართველო
17 ივლისი, საქართველო - შოტლანდია 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"