26-წლიანი პაუზის შემდეგ, ქუთაისის აია საქართველოს ჩემპიონია!

26-წლიანი პაუზის შემდეგ, ქუთაისის აია საქართველოს ჩემპიონია!

დიდი 10-ის 2020/2021 წლების ფინალურ მატჩში "აია" "აია არენაზე" "ბათუმს" დაუხვდა და უმძიმეს ბრძოლაში 16:13 იმარჯვა.

მატჩის დასაწყისში გიორგი ბაბუნაშვილმა და მამუკა ნინიძემ თითო ჯარიმა გაიტანეს. მალევე ნინიძეს კიდევ ერთი ჯარიმის გატანა შეეძლო, მაგრამ ძალიან ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა. "აიამ" უპირატესობა ტაიმის მიწურულს მოიპოვა - 31-ე წუთზე დაჩი კოპაძემ ყვითელი ბარათი მიიღო, რიცხობრივი უპირატესობით კი ქუთაისელებმა ისარგებლეს და 38-ე წუთზე პეტრე ჯინჭარაძემ მეტოქე მოლიდან დაალელოვა, გარდასახვა კი ბაბუნაშვილმა გაიტანა და ტაიმი 10:3 დასრულდა.

მეორე ნახევრის საწყის 15 წუთში ბაბუნაშვილმა კიდევ ორი ჯარიმა გაიტანა, ნინიძემ კი ერთი საჯარიმო შეასრულა ზუსტად და მასპინძლები 10 ქულით გავიდნენ წინ. უაღრესად დაძაბული გამოდგა მატჩის ბოლო 20 წუთი - 63-ე წუთზე ბექა ურჯუკაშვილმა ლელო გაიტანა, ნინიძემ კი გარდასახვა გაიტანა და სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა. დარჩენილ დროში აჭარლებმა მოწინააღმდეგეს შეუტიეს და ქულების მოპოვების ძალიან რეალური შანსი ჰქონდათ: მათ ხელსაყრელი პოზიციიდან 2-ჯერ ჯარიმა კარში არ დაარტყეს და ლელოზე ითამაშეს, მიზანთან ძალიან ახლოსაც იყვნენ, მაგრამ მოლში ბლოკირების გამო დაჯარიმდნენ და "აია" ლელოს გადაურჩა. დარჩენილ დროში ქუთაისელებმა თავის დაცვა მოახერხეს და ნანატრი ჩემპიონობა მოიპოვეს. ფინალური მატჩის საუკეთესო მორაგბედ გიორგი ბაბუნაშვილი დასახელდა. 

"აია" საქართველოს ჩემპიონი მეოთხედ გახდა. უკანასკნელად ქუთაისელებს საჩემპიონო ტიტული 1995 წელს ჰქონდათ მოპოვებული.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"