არგენტინის ნაკრების ერთ-ერთი მეტოქე, შესაძლოა, საქართველო იყოს - პუმები 12 მატჩს გეგმავენ

არგენტინის ნაკრების ერთ-ერთი მეტოქე, შესაძლოა, საქართველო იყოს - პუმები 12 მატჩს გეგმავენ

არგენტინის ნაკრები 2021 წელს მინიმუმ 12 მატჩს გამართავს, რომელთა რიცხვიც, შესაძლოა, ერთით გაიზარდოს. "პუმების" 2021 წლის ტესტ-მატჩების შესახებ არგენტინული გამოცემა elciudadanoweb.com წერს.

ზემოხსენებული გამოცემის ცნობით, არგენტინის ნაკრების გეგმები გვარიანად აირია მას შემდგომ, რაც ევროპული ნაკრებები კორონავირუსთან არსებული გაურკვევლობის და მკაცრი შეზღუდვების გამო ოკეანეთის, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტებზე გამგზავრებას ვეღარ ახერხებენ. "პუმებს" დაგეგმილი ჰქონდათ, რომ ივლისში უელსის ნაკრებთან ორი საშინაო მატჩი ეთამაშათ, ხოლო აგვისტოს დასაწყისში საქართველოს სტუმრობას ელოდნენ.

ყოველივე ეს, როგორც ვთქვით შეუძლებელი გახდა. არგენტინის ნაკრებს მოუწევს, რომ 2020 წლის მსგავსად, 2021 წელსაც ყველა ტესტ-მატჩი საზღვარგარეთ გამართოს. ზემოხსენებული გამოცემის ცნობით, "პუმები" თავად ეწვევიან უელსს და ორ მატჩს "ფრინსიფალითი სთედიუმზე" გამართავენ. შესაბამისად, ამ შემთხვევაში შეიცვლება მხოლოდ მასპინძელი. რაც შეეხება მესამე მატჩს, როგორც ვთქვით, დასკვნით მეტოქედ საქართველო მოიაზრებოდა, თუმცა მას შემდგომ, რაც "პუმები" შინ ვეღარ ითამაშებენ, შესაძლოა, მოწინააღმდეგე შეიცვალოს და "ბორჯღალოსნების" მაგივრად, არგენტინელები "ავივა სთედიუმზე" ირლანდიას ესტუმრონ. როგორც მოგეხსენებათ, ირლანდიელებს ფიჯური ტურნე ჩაეშალათ და ალტერნატიული ტესტ-მატჩებისთვის მეტოქეებს ეძებენ. უკვე ცნობილია, რომ ისინი 3 ივლისს აშშ-ს უმასპინძლებენ, ხოლო დანარჩენ ორ მოწინააღმდეგეს კვლავ ეძებენ.

ზაფხულის ტესტების შემდეგ "პუმები" რაგბი ჩემპიონშიპზე გადაინაცვლებენ, რომელსაც აგვისტო-სექტემბერში სავარაუდოდ ავსტრალია ან ახალი ზელანდია უმასპინძლებს, ხოლო წლის დასკვნით შემოდგომის ტესტებს არგენტინელები ტრადიციულად ევროპაში გამართავენ. უკვე დადასტურებულია, რომ არგენტინელები 6 ნოემბერს "სტად დე ფრანსზე" საფრანგეთს ესტუმრებიან. ასევე იწერება, რომ 13 ნოემბერს არგენტინელები იტალიას ეწვევიან. ამის გარდა, არგენტინის რაგბის კავშირი კიდევ ორ ტესტ-მატჩზე მუშაობს. აქედან ერთი მეტოქე ევროპული ქვეყანა იქნება, ხოლო მეორე 4 ერის წარმომადგენელი, რადგან "პუმებისთვის" სამხრეთულ გრანდთან ბონუს მატჩი დამატებითი შემოსავლების მიღების კარგი შესაძლებლობაა. როგორც ზემოხსენებული წყარო წერს, არგენტინელთა მესამე სავარაუდო ევროპელ მეტოქედ საქართველო და ირლანდია განიხილებიან. ეს მატჩი, შესაძლოა, ჩატარდეს 31 ოქტომბერს ან 20 ნოემბერს.   

ჯერჯერობით ამის შესახებ უფრო დაწვრილებით არ დაწერილა, მაგრამ თუ ნოემბრის ტესტებზე "ბორჯღალოსნების" და "პუმების" მატჩი მართლაც შედგება, ეს შეხვედრა დიდი ალბათობით საქართველოში გაიმართება, რადგან როგორც ვთქვით შემოდგომაზე, მითუმეტეს კი წელს არგენტინაში ტესტ-მატჩი გამორიცხულია, ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ თამაში ნეიტრალურ ადგილას გაიმართოს. ვნახოთ, თუ რამდენად მართალი გამოდგება არგენტინულ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"