პირველი ლიგა: არმია და ყაზბეგი დიდი 10-ის საგზურის მფლობელს ბოლო ტურში გამოავლენენ

პირველი ლიგა: არმია და ყაზბეგი დიდი 10-ის საგზურის მფლობელს ბოლო ტურში გამოავლენენ

© რაგბის კლუბი არმია

პირველი ლიგის ბოლო ტურში სუპერ დაძაბული დაპირისპირება გველოდება: "არმია" 17 ან 18 აპრილს "ყაზბეგს" უმასპინძლებს. სტეფანწმინდელებს მხოლოდ მოგება აძლევთ ხელს, სხვა შემთხვევაში არმიელები ლიდერობას შეინარჩუნებენ და დიდ 10-ში პირდაპირ აღზევდებიან.

ბოლოსწინა ტურში "არმია" ასპინძაში "ტაოს" ესტუმრა და ბონუსით 67:5 იმარჯვა. არმიელთაგან ჰეთ-თრიკი შეასრულა ბექა მაჭარაშვილმა, დუბლი გაიფორმა გოგა გელაშვილმა, ხოლო თითო ლელო რამაზ ჯინაშვილმა, დავით ლაზარიშვილმა, გიორგი ბოხუამ, ლაშა ხაჭვანმა, ლაშა ვერძენიშვილმა და გიორგი ჟღენტმა მიითვალეს. 

ძალიან დაძაბული მატჩი შედგა ავჭალის სტადიონზე, სადაც "ყაზბეგი" მესამე ადგილოსან "ხვამლს" შეერკინა და გაწითლებულ დროში, მერაბ კვირიკაშვილის მიერ გატანილი ჯარიმით ერთი ქულით სძლია. პირველი ნახევარი "ყაზბეგის" სასარგებლოდ 12:7 დასრულდა. მეორე ნახევრის დასაწყისში "ხვამლმა" გარდასახული ლელო დადო და ორი ქულით წინ გავიდა. შემდეგ კი, გუნდებმა ორ-ორი ჯარიმის გატანა მოახერხეს და ბოლო წუთზე "ხვამლი" ორქულიანი სხვაობით იგებდა, რა დროსაც მოედნის ცენტრში მარცხენა კიდესთან "ხვამლმა" თამაშის წესების დაარღვია, ურთულესი პოზიციის მიუხედავად, მერაბ კვირიკაშვილმა კარში დარტყმა გადაწყვიტა, ამის გაკეთება ზუსტად მოახერხა და "ყაზბეგს" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუპოვა - 21:20. 

ამრიგად, ბოლო ტურში თუ "ყაზბეგი" იმარჯვებს პირდაპირ დიდ 10-ში გადავა, წინააღმდეგ შემთხვევაში მეორე ადგილზე დარჩება და დიდი 10-ის ქვედა ექვსეულის მესამე ადგილოსანს ორმატჩიან პლეი-ოფში შეერკინება. "ხვამლმა" მეორე ადგილზე გასვლის შანსი დაკარგა.

მესამე მატჩში ოზურგეთის "არწივებმა" შინ თელავის "ჭადარი" 26:6 დაამარცხა. ლელოების გატანა გოჩა ჯიქიამ, ლაშა პაპიძემ, მირზა შაინიძემ და გიორგი ბეჟანიძემ მოახერხეს. 



ქვედა ექვსეულშიც ბოლო ტურში გაირკვევა ყველაფერი. წყალტუბოს "დინოზავრს" და ქუთაისის "ბაგრატს" ბოლო ტურის წინ თანაბარი 35 ქულა აქვთ და ბოლო ტურში სწორედ ერთმანეთს ხვდებიან ქუთაისში. "ბაგრატს" პირველი ადგილისთვის მხოლოდ მოგება სჭირდება. როგორც იცით, ქვედა ექვსეულის პირველ ადგილოსანი რეგიონული ლიგის მეორე ადგილოსანს ორმატჩიან პლეი-აუტში ეთამაშებიან და გამარჯვებული 2021/2022 წლების სეზონში პირველ ლიგაში ითამაშებს, ხოლო დანარჩენი ხუთი გუნდი რეგიონულ ლიგაში გავარდებიან. 

"დინოზავრმა" გუშინ "ივერია" 26:16 დაამარცხა, "ბაგრატმა" შევარდენის ბაზაზე "დევებს" ბონუსით 31:12 სძლია, ხოლო ჭიათურის "იმერეთმა" შინ "დინამოს" 38:26 აჯობა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"