ბერნარდ ლაპორტი: "ბაკის ბოთა საუკეთესოა მათ შორის, ვინც კი ოდესმე გამიწვრთნია"

ბერნარდ ლაპორტი: "ბაკის ბოთა საუკეთესოა მათ შორის, ვინც კი ოდესმე გამიწვრთნია"

საფრანგეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა და მსოფლიო რაგბის ვიცე-პრეზიდენტმა ბერნარდ ლაპორტმა თავისი სამწვრთნელო კარიერა გაიხსენა და ლეგენდარული სამხრეთაფრიკელი მეორეხაზელი ბაკის ბოთა დაახასიათა, როგორც საუკეთესო მოთამაშე, ვინც კი ოდესმე გაუწვრთნია. 

"ბაკის ბოთა საუკეთესო მოთამაშეა, ვინც კი გამიწვრთნია. რა თქმა უნდა რთული შედარებაა ჯონი ვილკინსონი და მეთ გიტო ბრწყინვალე მორაგბეები იყვნენ, მაგრამ ბაკის ბოთა ფიზიკურად ძალიან ძლიერი იყო. ვისურვებდი, რომ მოედანზე მისნაირი ვყოფილიყავი, რათა შემეშინებინა ყველა და დამეჯაბნა ისინი ფიზიკურად. როგორც მოთამაშე ბოთა ჩემთვის იდეალია. 

მე და ბოთა "ტულონში" ერთსა და იმავე დროს მივედით. კლუბიდან წასვლისას ის შემხვდა და მითხრა, რომ არ იცოდა კიდევ შევხვდებოდით თუ არა ერთმანეთს ოდესმე, მაგრამ უნდოდა მცოდნოდა, რომ საუკეთესო მწვრთნელი ვარ, რომელიც კარიერაში ჰყოლია. 

მე ვტიროდი. მიკვირდა მისი კალიბრის მორაგბეს, რომელსაც 90 სანაკრებო კეპი აქვს და ფაქტობრივად ყველაფერი აქვს ნანახი, მათ შორის მსოფლიო თასზე ტრიუმფიც, როგორ შეეძლო ეს აზრი ჰქონოდა."

შეგახსენებთ, რომ ლაპორტი ფრანგულ "ტულონს" 2011-2016 წლებში წვრთნიდა, რა დროსაც კლუბმა ისტორია დაწერა და ზედიზედ სამჯერ მოახერხა ევროპის ჩემპიონთა თასის მოგება, საფრანგეთის ჩემპიონი კი ერთხელ გახდა. ამ პერიოდის განმავლობაში "ტულონი" სარაგბო გალაქტიკოს წარმოადგენდა, გუნდში ბაკის ბოთასთან ერთად თამაშობდნენ ისეთი მორაგბეები როგორებიც იყვნენ ჯონი ვილკინსონი, ბრაიან ჰაბანა, მეთ გიტო, ალი უილიამსი და სხვა მსოფლიო რაგბის ვარსკვლავები, მათ შორის ჩვენებური მამუკა გორგოძეც.

ლაპორტის სიტყვებს მოგვიანებით თავად ბოთა გამოეხმაურა და "ტულონში" გატარებული დრო გაიხსენა. მისი თქმით, ეს იყო ბრწყინვალე პერიოდი ლეგენდარულ მორაგბეებთან და გულშემატკივრებთან ერთად და გუნდი, რომელმაც ისტორია სამუდამოდ შეცვალა.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"