წინათქმა: პორტუგალია VS საქართველო

წინათქმა: პორტუგალია VS საქართველო

© Icon Sport

დღეს 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი აიღებს სტარტს, რომელიც 2022 წლის ტურნირის მსგავსად, 2023 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპია. იქიდან გამომდინარე, რომ პლეი-აუტის მატჩი, რომელშიც ერთმანეთს ბელგია და ნიდერლანდები უნდა დაუპირისპირდნენ, თებერვალში ვერ შედგა, ჯერჯერობით არ ვიცით, თუ რომელი ნაკრები იქნება უმაღლეს დივიზიონში, ამიტომაც ტურნირს ხუთი გუნდი დაიწყებს და მეექვსე ზაფხულში ჩაერთვება, რომელიც თავის მატჩებს ნოემბრამდე გამართავს.

2021 წლის შეჯიბრების პირველ სათამაშო დღეს თბილისის დროით 19 საათზე პორტუგალიის ნაკრები ლისაბონში საქართველოს უმასპინძლებს, ხოლო იქამდე 16 საათზე რუსეთი სოჭში რუმინეთს დაუხვდება.

პორტუგალია

პორტუგალიის ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატს კარგად დაუბრუნდა და "ბორჯღალოსნებს" გასულ წელს პარიზში გამართულ მატჩში პრობლემებიც შეუქმნა, თუმცა საქართველომ მეტოქე ბოლო 15 წუთში გატეხა და 39:24 იმარჯვა, თუმცა იმ მატჩში პორტუგალიელებმა არაერთი საინტერესო და ლამაზი ეპიზოდი შემოგვთავაზეს.

პორტუგალიელებს ძალიან კარგი თაობა მოსდით და არაერთი ნიჭიერი ახალგაზრდა მორაგბე ჰყავთ, რისი რასტურიც 2019 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ალაფაა, როდესაც პორტუგალიის 20-წლამდელთა ნაკრებმა ტონგა და კანადა დიდი ანგარიშით დაამარცხა, ხოლო ფინალში იაპონიასთან მოსაგები მატჩი მხოლოდ დამრტყმელი უხეირობის გამო ვერ მოიგო და 1 ქულით 34:35 დამარცხდა.

"მგლებმა" 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი ბელგიასთან და რუმინეთთან მოგებით დაიწყეს, თუმცა შემდეგ სამი თამაში წააგეს და ტურნირი მეოთხე ადგილზე დაასრულეს. უკანასკნელი მატჩი მათ თებერვალში გამართეს და მადრიდში ესპანეთთან 11:25 დამარცხდნენ. პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების მიუხედავად, პორტუგალიელებმა ნოემბრის ტესტებზე ბრაზილიის წინააღმდეგ ორი საშინაო მატჩი გამართეს და ორივეში დამაჯერებლად იმარჯვეს.  

პორტუგალიელები არ მალავენ, რომ მათი მიზანი 2023 წლის მსოფლიო თასზე მოხვედრაა: "ჩვენ გვყავს 40-45 კაციანი ჯგუფი, რომელთაც შეუძლიათ, რომ ეროვნულ ნაკრებში ითამაშონ და ასევე რამდენიმე ახალგაზრდა მორაგბე, რომელთაც პირველად მიეცემათ თამაშის საშუალება. 

ეს არის ძალიან საინტერესო, რომ რომ ჩვენ გვაქვს მრავალი ვარიანტი შემადგენლობის ასარჩევად და ჩვენი ერთ-ერთი ძლიერი მხარე არის ის, რომ გვყავს ძალიან სწრაფი და მობილური მოთამაშეები. 

ჩვენთვის ძალიან კარგია, რომ შეჯიბრს ვიწყებთ საქართველოს წინააღმდეგ. ეს არის შესანიშნავი გუნდი ასეთივე მოთამაშეებით. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია გავაუმჯობესოთ ჩვენი შესრულების დონე და გამოვცადოთ საკუთარი თავი", -
განაცხადა პორტუგალიელთა მთავარმა მწვრთნელმა პატრის ლაჟისკემ.

პორტუგალიელთა შემადგენლობას რომ გადავხედოთ, დავინახავთ, რომ სასტარტო თხუთმეტეულში ტოპ 14-ის "პოს" ორი მორაგბეა: 29 წლის მარცხენა ბურჯი ჟოფრი მოისე, რომელიც "პოს" ღირსებას 2013 წლიდან იცავს და 102 მატჩი აქვს ჩატარებული. მას ფრანგული ფესვები აქვს, პორტუგალიის ნაკრებში დებიუტი კი გასულ წელს სწორედ საქართველოს წინააღმდეგ ჰქონდა და მეორედაც ჩვენს წინააღმდეგ ითამაშებს. რაც შეეხება სამუელ მარკეშს, 32 წლის ცხრა ნომერი ორი სეზონი "ბრივში" თამაშობდა და ქართველი მორაგბეები მას კარგად იცნობენ. მარკეში ძალიან გამოცდილი მორაგბეა და ტოპ 14-ში 80-ზე მეტი შეხვედრა აქვს ჩატარებული, ხოლო პრო დ2-ში 150 მატჩამდე. მარკეშს ნაკრებში მხოლოდ 5 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 2013 წლის შემდეგ არ უთამაშია. ასე რომ, ის პორტუგალიას რვაწლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება.

რაც შეეხება სხვა მორაგბეებს, ასევე ძალიან გამოცდილი მოთამაშეა 31 წლის კვაჭი მაიკ ტაჯერი, რომელმაც გასული სამი სეზონი ტოპ 14-ში გაატარა, მათ შორის გასულ სეზონში "კლერმონის" ღირსებას იცავდა, წელს კი "მონტობანს" შეუერთდა და პრო დ2-ში 19 შეხვედრა ჩაატარა. ასევე პრო დ2-ის "კარკასონში" ასპარეზობს შუამარბი ჟოზე ლიმა, რომელმაც წლევანდელ სეზონში გამართულ 10 მატჩში 2 ლელოს დადება შეძლო. პრო დ2-ის "გრენობლში" ირიცხება დებიუტანტი მესამეხაზელი ჟოზე მადეირა, თუმცა მას ჯერჯერობით "გრენობლის" ძირითად გუნდში არ უთამაშია და ესპუარებშია. საფრანგეთის ნასიონალ ლიგაში (მესამე დივიზიონი) თამაშობენ რვა ნომერი ლუიჯი დიასი ("დაქსი"), ფულბექი დანი არტუნეში ("მასი") და მარჯვენა ბურჯი დიეგო ჰასე ფერეირა ("დიჟონი"), ხოლო შვიდი მორაგბე პორტუგალიის ჩემპიონატში ასპარეზობს. 

შემადგენლობა

უკანა ხაზი


15. დანი არტუნეში, 14. რაფაელე სტორტი, 13. ჟოზე ლიმა, 12. ტომას აპლეტონი (კაპიტანი), 11. როდრიგო მარტა, 10. ჟერონიმო პორტელა, 9. სამუელ მარკეში;

შერკინება

1. ჟოფრი მოისე, 2. მაიკ ტაჯერი, 3. დიოგო ჰასე ფერეირა, 4. რაფაელ შიმოესი, 5. ჟოზე რებელო დე ანდრადე, 6. ჟოაო გრანატე, 7. ჟოზე მადეირა, 8. ლუიჯი დიასი;

მარქაფა

16. დავიდ კოსტა, 17. ნუნო მასკარენჰასი, 18. ტიბო დე სოუზა, 19. ფრანცისკო სოუზა, 20. ერიკ დოს სანტოს მადეირა, 21. ტეო ენტრაიგეში, 22. ხორხე აბეკასიში, 23. ნუნო სოუზა გედეში.

საქართველო

პორტუგალიასთან გასამართი მატჩის 23-კაციან განაცხადში "ბორჯღალოსნების" რიგებში სამი დებიუტანტი იმყოფება: "რასინგ 92"-ის მარჯვენა ბურჯი გია ხარაიშვილი, "ბრივის" მესამეხაზელი ირაკლი ცხადაძე და ქუთაისის "აიას" მგეზავი გიორგი ბაბუნაშვილი. სამივე მათგანი მარქაფაში არიან. 

მთლიანობაში რუსეთთან მატჩთან შედარებით, სასტარტო თხუთმეტეულში ათი ცვლილებაა განხორციელებული. შერკინებიდან ძირითად შემადგენლობაში ადგილი შეინარჩუნეს ლაშა ჯაიანმა, ბექა საღინაძემ და თორნიკე ჯალაღონიამ, ხოლო უკანა ხაზიდან - მერაბ შარიქაძემ და მირიან მოდებაძემ. 

აღსანიშნავია, ძირითად შემადგენლობაში გიორგი მელიქიძის გამოჩენა, რომელიც უმეტესად მარქაფიდან ერთვება ხოლმე. მგეზავის პოზიციას დაუბრუნდა ლაშა ხმალაძე, რომელსაც ნაკრებში დიდი ხანია ამ პოზიციაზე აღარ უთამაშია და ფულბექის პოზიციაზე უწევდა თამაში. განაცხადში არაა ვასილ ლობჟანიძე, რომელსაც დასვენების საშუალება მიეცა, ხოლო გელა აფრასიძეს და მიხეილ ალანიას - თავის გამოჩენის შანსი. 

სხვასხვა მიზეზების გამო, "ბორჯღალოსნებს" რამდენიმე ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე აკლიათ.

ლევან მაისაშვილის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ წლევანდელი ტურნირი მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპიცაა, პასუხისმგებლობა ორმაგდება.

"ნებისმიერ თამაშს ძალიან მონდომებით და ყურადღებით ვეკიდებით, თუმცა თავისთავად ის ფაქტი, რომ მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო წელიწადია, პასუხისმგებლობას აორმაგებს და რა თქმა უნდა მეტად საპასუხისმგებლოა ჩვენთვის. ჩვენ ექსპერიმენტის დრო გვაქვს ყოველთვის ერთა თასზე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ექსპერიმენტი იყოს ისეთი, რომელმაც შეიძლება დააზიანოს პროცესი. ამიტომ, ჩვენ სხვადასხვა თამაშზე შეიძლება გვქონდეს ეს ცვლილებები. ნაწილობრივ ეს ცვლილებები გამოწვეულია იმით, რომ ვთქვათ იძულებითი ცვლილებებია და არის პროცესი, სადაც ვცდილობთ მოთამაშეების სიღრმეები გავაჩინოთ კონკრეტულ პოზიციებზე. აქედან გამომდინარე, ამ თამაშისთვის დაბალანსებული გუნდი დავაყენეთ, გამოცდილი და ახალგაზრდა მოთამაშეების ნაზავი და ვფიქრობ, რომ საინტერესო თამაში უნდა გამოვიდეს. 

ეცდებიან რა თქმა უნდა, რომ სწრაფი რაქი ჰქონდეთ და სწრაფად ითამაშონ, შარშანდელი თამაშიც პარიზში ხელოვნურსაფარიან სტადიონზე სწორედ ამას ემსახურებოდა, ეს ჰქონდათ მიზნად, რომ სწრაფი თამაში შემოეთავაზებინათ ჩვენთვის. პირველ ტაიმში შარშანდელ მატჩში ჩვენ გვქონდა შეცდომები, რაზედაც ჩვენს შეცდომებზე ისარგებლა პორტუგალიამ და ვიცით, რომ კონტრშეტევებზე საკმაოდ სახიფათონი არიან. ანალიზში გავითვალისწინეთ ის შეცდომები, რაც შარშან დავუშვით. ვეცდებით, რომ იგივე შეცდომები არ დავუშვათ, ვეცდებით, რომ ჩვენ ვმართოთ თამაში და დომინაცია მოვახდინოთ ორთაბრძოლებში და თუ ამას მოვახერხებთ და შეჯგუფებებში და ორთაბრძოლებში დომინაციას მივაღწევთ, დარწმუნებული ვარ, რომ თამაში საჩვენოდ შემოტრიალდება", -
განაცხადა ლევან მაისაშვილმა. 

შემადგენლობა

უკანა ხაზი

15. სოსო მათიაშვილი (30 კეპი, 152 ქულა), 14. მირიან მოდებაძე (14 კეპი, 30 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (29 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (72 კეპი, 60 ქულა), 11. სანდრო თოდუა (89 კეპი, 65 ქულა), 10. ლაშა ხმალაძე (85 კეპი, 53 ქულა), 9. გელა აფრასიძე (30 კეპი, 24 ქულა),

შერკინება

1. გურამ გოგიჩაშვილი (18 კეპი, 5 ქულა), 2. ჯაბა ბრეგვაძე (62 კეპი, 15 ქულა), 3. გიორგი მელიქიძე (23 კეპი, 10 ქულა), 4. ლაშა ჯაიანი (7 კეპი), 5. ნოდარ ჭეიშვილი (27 კეპი), 6. გიორგი თხილაიშვილი (61 კეპი, 60 ქულა), 7. ბექა საღინაძე (18 კეპი, 15 ქულა), 8. თორნიკე ჯალაღონია (5 კეპი);

მარქაფა

16. შალვა მამუკაშვილი (79 კეპი, 50 ქულა), 17. ბექა გიგაშვილი (19 კეპი, 5 ქულა), 18. გია ხარაიშვილი (უკეპო), 19. დავით გიგაური (7 კეპი, 5 ქულა), 20. ირაკლი ცხადაძე (უკეპო); 21. მიხეილ ალანია (1 კეპი), 22. გიორგი ბაბუნაშვილი (უკეპო), 23. დემე თაფლაძე (6 კეპი, 5 ქულა).

ურთიერთშეხვედრები

ეს ნაკრებები აქამდე ერთმანეთს 21-ჯერ დაპირისპირდებიან, საიდანაც 15 შემთხვევაში საქართველომ იმარჯვა, 4-ჯერ პორტუგალია დარჩა გამარჯვებული, ხოლო 2 მატჩი ფრედ დასრულდა. პირველი რკენა 1997 წელს ლისაბონში შედგა და პორტუგალიამ 21:17 იმარჯვა. "ბორჯღალოსნებს" პორტუგალიის წინააღმდეგ ზედიზედ 8 მატჩი აქვთ მოგებული. 2009 წელს თბილისში გამართული მატჩი ფრედ 20:20 დასრულდა და მას შემდეგ, ამ გუნდების ყველა ჯახი ქართველების გამარჯვებით დასრულდა. პორტუგალიელებმა უკანასკნელად "ბორჯღალოსნებს" 2005 წელს ლისაბონში 18:14 სძლიეს.

მსაჯები

შეხვედრას იტალიელი არბიტრები მოემსახურებიან. მთავარი მსაჯი იტალიელი ჯანლუკა გნეჩი იქნება, რომელიც 2020 წლიდან გინეს პრო 14-ის მატჩებს უძღვება. გვერდითი მსაჯები ვედოველი და ბერტელი იქნებიან, ხოლო ტელეეკრანებთან როჩინი უნდა იყოს გამწესებული. აღსანიშნავია, რომ დღეს რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ვიდეორეფერი პირველად იქნება. 

სად ვუყუროთ? 

მატჩი თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება და მისი ყურება "ტელეკომპანია იმედზე", "რაგბი ტვ"-ზე და რაგბი ევროპის ოფიციალურ ვებგვერდზე შეგეძლებათ.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"