16-21 იანვრის ქართული სარაგბო სიახლეები

16-21 იანვრის ქართული სარაგბო სიახლეები

უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში, საპატიო მიზეზის გამო, ჩვენს მკითხველს სარაგბო სიახლეები ვერ შევთავაზეთ, რისთვისაც პირველ რიგში ბოდიშს მოგიხდით. აქედან გამომდინარე, გადავწყვეტეთ, რომ 16-21 იანვრის ქართული სარაგბო სიახლეები ერთ სტატიაში გაგვეერთიანებინა და ამ სახით შემოგვეთავაზებინა.

დიდი 10

2021 წლის პირველი მატჩები გამოტოვებული შეხვედრებით განახლდა. "ა" ჯგუფში მეოთხე ტურის მატჩში პატარძეულის "ვეფხვების" შევარდენის ბაზაზე რუსთავის "ხარებთან" 13:28 დამარცხდა, ხოლო "ბ" ჯგუფში მეექვსე ტურის შეხვედრაში ქუთაისის "აიამ" შინ მარნეულის "არმაზს" 33:13 სძლია.

ბექა გიგაშვილის სიმბოლური

15 იანვარს ბექა გიგაშვილის ინტერვიუ შემოგთავაზეთ, რომელშიც ის ამბობდა, რომ დარწმუნებული იყო საკუთარი გუნდის შესაძლებლობებში და მისი თქმით, "ტულონს" შეეძლო გასვლაზე "რასინგ 92"-ის დამარცხება. ტულონელებმა ეს მართლაც მოახერხეს, პარიზელებს 29:23 სძლიეს და მიმდინარე ტოპ 14-ში გასვლაზე მეორედ იმარჯვეს. ბექა გიგაშვილმა კი 44-ე წუთიდან ითამაშა და "მიდი ოლიმპიკის" მიერ შედგენილ ტურის სიმბოლურში მოხვდა.

მირიან ბურდულის სიმბოლური

პრო დ2-ის მეთექვსმეტე ტურში "ვალანს რომანმა" შინ "რუანი" 14:9 დაამარცხა. ვალანსელთა რიგებში 53 წუთი ითამაშა მარჯვენა ბურჯმა მირიან ბურდულმა, რომელიც "მიდი ოლიმპიკის" მიერ შედგენილ ტურის სიმბოლურში მოხვდა. 

მიხეილ გაჩეჩილაძე ნაკრებში გამოიძახეს

ჯერჯერობით საქართველოს ნაკრების გაფართოვებული შემადგენლობა რუსეთთან მატჩისთვის არ გამოქვეყნებულა, თუმცა როგორც ჩანს, კლუბებმა საკუთარი მოთამაშეების გამოძახებაზე რაგბის კავშირისგან წერილები უკვე მიიღეს და სწორედ ამის შესახებ განაცხადა "ენისეის" ოფიციალურმა ვებგვერდმა, რომლის თქმითაც, კლუბმა მიიღო შეტყობინება, რომლის მიხედვითაც მესამეხაზელი მიხეილ გაჩეჩილაძე 7 თებერვალს გასამართი მატჩისთვის "ბორჯღალოსანებშია" გამოძახებული.

ბექა შეყლაშვილმა "კოლომიესთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

34 წლის მარჯვენა ბურჯმა ბექა შეყლაშვილმა "კოლომიესთან" მოქმედი კონტრაქტი ორი წლით გაახანგრძლივა. ბექა "კოლომიეს" ღირსებას 2017 წლიდან იცავს და 56 მატჩში 2 ლელოს გატანა მოახერხა. მან წლევანდელ პრო დ2-ში 10 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 6 შემთხვევაში სასტარტო შემადგენლობაში იყო. შეყლაშვილს საქართველოს ნაკრებში 8-ჯერ უთამაშია.

დავით ქუბრიაშვილის 265-ე მატჩი

34 წლის ქართველმა ბურჯმა პრო დ2-ის განვლილ ტურში "მონ-დე-მარსანის" წინააღმდეგ გასვლაზე მოგებულ (30:7) მატჩში 55 წუთი ითამაშა. აღსანიშნავია, რომ ეს შეხვედრა ქუბრიაშვილის პროფესიონალურ საკლუბო კარიერაში 265-ე გამოდგა. გამოცდილ "ბორჯღალოსანს" 188 შეხვედრა ტოპ 14-ში აქვს ჩატარებული, პრო დ2-ში 29-ედ ითამაშა, ჩელენჯ თასზე 27-ჯერ უასპარეზია, ხოლო ჩემპიონთა თასზე 21-ჯერ მოსინჯა ძალები. მას საკლუბო კარიერაში 4 ლელო აქვს დადებული. "დუდუს" ნაკრებში 48 კეპი აქვს მოხვეჭილი.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"