ვინ არის ლაშა ჯაიანი, უოსპსის ქართველი გოლიათი, რომელმაც ინგლისთან შთამბეჭდავად ითამაშა?

ვინ არის ლაშა ჯაიანი, უოსპსის ქართველი გოლიათი, რომელმაც ინგლისთან შთამბეჭდავად ითამაშა?

© Giler Media

ბრიტანულმა გამოცემამ coventrytelegraph.net-მა "უოსპსის" ქართველ ახალწვეულს ლაშა ჯაიანს სტატია მიუძღვნა. როგორც იცით, საქართველოს ნაკრების 22 წლის მეორეხაზელი ინგლისურ კლუბს რამდენიმე დღის წინ შეუერთდა. 

ვინ არის ლაშა ჯაიანი, უოსპსის ქართველი გოლიათი, რომელმაც ინგლისთან შთამბეჭდავად ითამაშა? - სტატიის სათაური. ახლა კი ვნახოთ, თუ რას წერს ზემოხსენებული გამოცემა. 

"უოსპსის" ახალ შენაძენზე მისი ერთ-ერთი ყოფილი მწვრთნელი საუბრობს, რომ მას საკუთარი ნიჭის განვითარებაში დაეხმარა მისი თვისებები. ლაშა არის ძალიან შრომისმოყვარე, თავის სამსახურზე შეყვარებული და ამაყი მორაგბე. 22 წლის ქართველი ახალ გუნდს უკვე შეუერთდა და ის 2020/2021 წლების დარჩენილი სეზონისთვის გააძლიერებს მეორეხაზელების სიღრმეს. 

ის სწავლობდა Whitgift-ის სკოლაში, რომლის კურსდამთავრებულები არიან "უოსპსის" ყოფილი ვარსკვლავები ელიოტ დეილი და დანიელ სიპრიანი. გარდა ამისა, ლაშა ოთხი წელი ექსეტერის უნივერსიტეტიში სწავლობდა.

საუნივერსიტეტო რაგბიში ქართველი რაგბის ტალანტი გაიფურჩქნა. მან BUCS Super Rugby-ში (კაცთა საუნივერსიტეტო რაგბის უმაღლესი დონის ტურნირი), სადაც 34 მატჩში 2 ლელო გაიტანა.

"ის არის ძალიან შრომისმოყვარე და საქმისადმი თავდადებული ადამიანია, რომელსაც თამაშის სურვილი გააჩნია. ის ასევე არის ძალიან ამაყი ადამიანი, რომელიც ძალიან ბევრ რამეს შეიძენს იმისგან, რასაც "უოსპსში" ნახავს. იქნება ეს თამაში, ვარჯიში თუ ანალიზი, ის აბსოლუტურად ყველაფერს გაიღებს.

როდესაც ის ჩვენთან ჩამოვიდა საკმაოდ მსუბუქი იყო, რაც უცხო არ არის მაღალი ბავშვებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან შევსებულები, მაგრამ ჩვენ გვაქვს კონდიცირების ძლიერი განყოფილება, რომელიც მასზე ზრუნავდა", -
განაცხადა ექსეტერის უნივერსიტეტის სარაგბო გუნდის დამხმარე მწვრთნელმა რიჩარდ ჰოჯმა.

ლაშამ ექსეტერის უნივერსიტეტში პირველი წელი ახალბედათა ჯგუფში გაატარა, სანამ მეორე წელს მთავარ გუნდში მოხვდებოდა. ამ პერიოდში ის მუშაობდა ისეთი მორაგბეების გვერდით, როგორებიც არიან შოტლანდიის ნაკრების მორაგბე სემი სქინერი და "ეალინგ ტრაილფინდერსის" ფორვარდი საიმონ ლინსელი. ჯაიანი გაჰყვა ამ დუეტს, როდესაც ისინი გაემგზავრნენ ექსეტერის უნივერსიტეტის შემადგენლობაში. 

"ლაშამ კურსი თავიდანვე სწორად აიღო. ის იყო განსაკუთრებული. მასთან კომუნიკაციის პრობლემა საერთოდ არ იყო, ის ბრწყინვალედ საუბრობს ინგლისურად და პასუხისმგებლობა ყველაფერზე გათავისებული ჰქონდა", - ამბობს ჰოჯი.

ჯაიანის სარაგბო კარიერის განვითარება არ მომხდარა სწავლის ხარჯზე, რადგან მან დაამთავრა უნივერსიტეტი და დიპლომი აიღო. ის ასევე დასახელდა ექსეტერის უნივერსიტეტის საუკეთესო სპორტსმენად 2019/2020 წლების სეზონში. 

ჯაიანმა 2017 და 2018 წლებში ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში იასპარეზა, ხოლო ეროვნულ ნაკრებში პირველი კეპი 2020 წლის თებერვალში ბელგიის წინააღმდეგ მოიხვეჭა, რომელშიც საქართველომ მეტოქე 78:6 გაანადგურა. ამას მოჰყვა მეორე მატჩი ასევე სასტარტო შემადგენლობიდან, რომელშიც "ბორჯღალოსნებმა" საფრანგეთში პორტუგალიას 39:24 სძლიეს. მესამე კეპი ჯაიანისთვის განსაკუთრებული უნდა ყოფილიყო, რადგან მას უნდა ეთამაშა რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ გლობალური პანდემიის გამო რაგბი ევროპის ჩემპიონატი გადაიდო. 

ცხრა თვის შემდეგ ჯაიანი წვიმით გაჟღენთილ უმაყურებლო "თვიქნემის" სტადიონზე გამოჩნდა, სადაც მომავალი თანაგუნდელების ჯო ლონჩბრის და ჯეკ ვილისის წინააღმდეგ ითამაშა. ამ მატჩში ინგლისმა გამოუცდელი მეტოქე 40:0 დაამარცხა, თუმცა ეს შეხვედრა მასპინძელი გუნდისთვის კომფორტული არ ყოფილა.

"ჯაიანით აბსოლუტურად ამაყები ვიყავით. ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი, რომ ბელგიის და პორტუგალიის შემდეგ თამაშობ მსოფლიო თასის ფინალისტის ინგლისის წინააღმდეგ, სადაც შენი მოწინააღმდეგე მარო იტოჯეა, რომელიც ალბათ მსოფლიოში საუკეთესო მეორეხაზელია. ქართველები ამ მატჩის წინ ჩამოწერილნი იყვნენ და ვარაუდობდნენ, რომ ინგლისი 60 ქულაზე მეტით მოიგებდა, თუმცა ეს ასეთი იოლი მატჩი ნამდვილად არ ყოფილა", - თქვა ჰოჯმა. 

ჯაიანმა ინგლისთან მატჩში 9 ზუსტი ბოჭვა გააკეთა და კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ხოლო მისი კეპების რაოდენობა ტურნირის ბოლოს ექვსამდე გაიზარდა. ლაშამ ასევე ითამაშა უელსის, ირლანდიის და ფიჯის წინააღმდეგ.  

შემოდგომის ერთა თასის შემდეგ ჯაიანი საქართველოში დაბრუნდა და დაიწყო ვარჯიში, სანამ "უოსპსში" არ დაურეკავდა. ის შეურთდა გუნდს, რომელშიც ექსეტერის უნივერსიტეტიდან კიდევ ერთი მორაგბე დახვდება - ბურჯი ჯეკ ოულეტი. 

"ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ იმისთვის, რომ ლაშასთვის კლუბი მოგვენახა. ყველა მოთამაშე, რომლებიც ჩვენს სისტემაში არიან, "ექსეტერ ჩიფსის" რადარზე არიან. ჯონი ჰილი, ჯონი გრეი, სემ სქინერი, უილ ვაითი, დეივ დენისი და დონ არმანდი არიან ის მეორეხაზელები, რომლებიც ამჟამად "ექსეტერ ჩიფსში" ასპარეზობენ. საუნივერსიტეტო გუნდში ასევე გვყავს რამდენიმე კარგი ახალგაზრდა მეორეხაზელი.

კარგი იქნებოდა, თუ ლაშა "ექსეტერ ჩიფსს" შეუერთდებოდა, მაგრამ ვფიქრობდით, რომ ის საფრანგეთში აღმოჩნდებოდა, რადგან ფრანგულ კლუბებს ქართველი მორაგბეები უყვართ! მაგრამ, ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ ლაშა "უოსპსს" შეუერთდა და იმედი გვაქვს მიიღებს შანს, რომ გვაჩვენოს ის, რისი გაკეთებაც მას შეუძლია და ჩვენ შეგვეძლება ამის ვუყუროთ მას ტელევიზიის საშუალებით", -
განაცხადა ჯაიანის ყოფილმა მწვრთნელმა.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"