გოჩა სვანიძე: "ყველას მინდა ვუსურვო ერთი რამ - გადავლახოთ პირადი ამბიცია და საქმე გავაკეთოთ"

გოჩა სვანიძე: "ყველას მინდა ვუსურვო ერთი რამ - გადავლახოთ პირადი ამბიცია და საქმე გავაკეთოთ"

დღეს 13 საათზე "ლოკომოტივის" ბაზაზე რაგბის კავშირის საპრეზიდენტო ყრილობა გაიმართა.

სულ პრეზიდენტობის სამი კანდიდატი იყო: ირაკლი აბუსერიძე, გოჩა სვანიძე და ბაჩო ხურციძე. ეს უკანასკნელი მოითხოვდა, რომ დღეს ჩანიშნული არჩევნები გადადებულიყო და დღევანდელ ყრილობას ბოიკოტი გამოუცხადა. 

კვორუმისთვის 40 ხმა გახლდათ საჭირო, დელეგატების ხმების რაოდენობა კი 41 იყო. გარდა ამისა, კიდევ 2 საარჩევნო ხმა გაუქმებული იქნა, იქიდან გამომდინარე, რომ ამ გუნდს წლევანდელ ტურნირზე მონაწილეობა არ მიუღია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ირაკლი აბუსერიძეს 31 ხმა ერგო, ხოლო გოჩა სვანიძეს - 10.

შედეგების გამოცხადების შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა რაგბის კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ.  

"ზოგიერთი კლუბი არ დაესწრო დღევანდელი არჩევნების ყრილობას, ზოგიერთი თავისი სურვილით, ხოლო ზოგი თავის სურვილისგან დამოუკიდებლად, როგორც გავიგე მე, რომ თითქოს იყო ზეწოლა და არ მოუშვეს აქამდე. უნდა დასრულდეს გახლეჩა და ერთიანობა იყოს რაგბიში. ის, რომ უმრავლესობამ გაიმარჯვა დღეს, ერთი ნაბიჯია დღეს. ვფიქრობ, რომ ყველა უნდა მოვიდეს და აქ დადგეს, სადაც საჭიროა. მოგება-წაგება არ არის.

მე არასდროს ვიყავი დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელიც განაცხადს აკეთებს რაგბის განვითარების მისეულ ხედვაზე დამოუკიდებლად, სხვებისგან შეუთანხმებლად. მე ვიყავი ყოველთვის გუნდის წარმომადგენელი. მე ოთხი წლის განმავლობაში ვუხელმძღვანელე რაგბის კავშირს იმიტომ, რომ რაგბის ავტონომია დადგა საფრთხის ქვეშ და ვფიქრობ, რომ ღირსეულად ვატარე ეს ტვირთი ამ კუთხით სულ მცირე, რომ რაგბის ავტონომია შემენარჩუნებინა. დღეს ისევ დგას რაგბის ავტონომია საფრთხის ქვეშ და დღეიდან, ირაკლი აბუსერიძეს მოუწევს მომდევნო 4 წელი ამ ტვირთის ტარება და მე მინდა მას ვუსურვო წარმატება, მინდა, რომ ყველანი შეძლებისდაგვარად გვერდში დავუდგეთ, რადგან პოსტი არ არის განმსაზღვრელი ჩვენი ცხოვრების. ჩვენ ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ყველას გვაქვს რაღაც სხვადასხვა როლები განკუთვნილი, რასაც ყოველთვის ვერ ვაცნობიერებთ, მთავარია სწორად გავაცნობიეროთ ჩვენი ადგილი. მე ყველასთან თანამშრომლობის მომხრე ვარ, იმიტომ, რომ რაგბი მიყვარს, ეს არის ჩემი ცხოვრების ნაწილი და თუ რაიმეს გაკეთება შემეძლება იმისთვის, რომ რაგბი განვითარდეს, ამისთვის არ დავიზარდებ არცერთ კანდიდატთან, ვისაც დღეს არ უნდა გაემარჯვა, თანამშრომლობას.

გული მტკივა, რომ ბაჩო ხურციძე დღეს არ მოვიდა და ბოიკოტის რეჟიმში გადავიდა. ნამდვილად გული მტკივა, რადგან ამ ბიჭს ბევრი რამის გაკეთება შეუძლია რაგბისთვის, დიდი პოტენციალი გააჩნია, საინტერესო ადამიანია ნამდვილად. მე მის ოჯახს პატივს ვცემ და მინდა, რომ შორიდან მაინც მოვეფერო და ვუთხრა, რომ დავდგეთ ნებისმიერ ამბიციაზე მაღლა. ჩემთვის ესაა ყველაზე მთავარი. 

არჩევნების წინ ინტერვიუზე უარს ვამბობდი, რადგან ყველამ ვიცოდით ჩვენი მომხრე კლუბების სავარაუდო რაოდენობა და მოსალოდნელი შედეგები და არ იყო სწორი არჩევნებზე საუბარი. ამიტომაც, თუ ვინმეს გული გაგიტეხეთ და უხეშად მოგეჩვენეთ ამის გამო, ბოდიშს გიხდით. რაც შეეხება შედეგებს, დადგა აბსოლუტურად ლოგიკური და კანონზომიერი. ერთადერთი რაც მინდა ვუსურვო ყველას, ხურციძე და ჩემს ყველა მეგობარს და თანამებრძოლს მათ შორის, რომლებიც არ მოვიდნენ - გადავლახოთ პირადი ამბიციები ჯობია და საქმე გავაკეთოთ. მივიღეთ შედეგები, რომლის მიხედვითაც სუბიექტთა უმრავლესობამ  ირაკლი აბუსერიძე აირჩია პრეზიდენტად და ამ გადაწყვეტილებას ყველამ პატივი უნდა ვცეთ, გამარჯვებულს კი მივეხმაროთ, რომ უფრო მეტად იყოს წარმატებული, ვიდრე ჩვენ ვიყავით თავის დროზე", -
განაცხადა სვანიძემ. 

შეგახსენებთ, რომ ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერი კლუბები საუბრობდნენ ზეწოლაზე, რომელიც მათი ინფორმაციით ბაჩო ხურციძის მაღალჩინოსანი მეგობრების მხრიდან არსებობდა, რათა კვორუმი არ შემდგარიყო და ამის გამო, კლუბების გარკვეულმა ნაწილმა არჩევნებზე მოსვლა ვერ შეძლო. კვორუმი მაინც შედგა, წინასწარი ინფორმაციით, ხურციძე არჩევნების შედეგებს გაასაჩივრებს.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"