ირაკლი აბუსერიძე: "სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ყველასთან თანამშრომლობისთვის მზად ვარ"

ირაკლი აბუსერიძე: "სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ყველასთან თანამშრომლობისთვის მზად ვარ"

დღეს 13 საათზე "ლოკომოტივის" ბაზაზე რაგბის კავშირის საპრეზიდენტო ყრილობა გაიმართა.

სულ პრეზიდენტობის სამი კანდიდატი იყო: ირაკლი აბუსერიძე, გოჩა სვანიძე და ბაჩო ხურციძე. ეს უკანასკნელი მოითხოვდა, რომ დღეს ჩანიშნული არჩევნები გადადებულიყო და დღევანდელ ყრილობას ბოიკოტი გამოუცხადა. 

კვორუმისთვის 40 ხმა გახლდათ საჭირო, დელეგატების ხმების რაოდენობა კი 41 იყო. გარდა ამისა, კიდევ 2 საარჩევნო ხმა გაუქმებული იქნა, იქიდან გამომდინარე, რომ ამ გუნდს წლევანდელ ტურნირზე მონაწილეობა არ მიუღია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ირაკლი აბუსერიძეს 31 ხმა ერგო, ხოლო გოჩა სვანიძეს - 10.

შედეგების გამოცხადების შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა რაგბის კავშირის ახალმა პრეზიდენტმა ირაკლი აბუსერიძემ.  

"პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ოპონენტსაც, მხარდამჭერებსაც, იმ ადამიანებსაც იმ ადამიანებსაც ვინც მხარი არ დამიჭირა და იმათაც, ვინც აქ არ გამოცხადდა. პირველ რიგში რაც მინდა ვთქვა, გაიმარჯვა ერთიანობამ, გუნდურობამ, მორაგბეებმა და იმედი მაქვს, რომ ამ სულისკვეთებით გაგრძელდება ჩვენი ყველას თანამშრომლობა ყველასთან და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ყველასთან თანამშრომლობისთვის მზად ვარ. აქ გამორიცხულია მიდგომა, ვიღაცამ მხარი დამიჭირა და ვიღაცამ არა. აქ არის ერთიანობა, ერთიანობა თუ არ შევინარჩუნეთ და არ გავაგრძელეთ ერთად მუშაობა, რა თქმა უნდა პირველ რიგში ქართული რაგბი დაზარალდება და არა რომელიმე პერსონა და იმედს ვიტოვებ, რომ ყველა მზად იქნება ერთად მუშაობისთვის. 

ჩვენ არავისთან დაპირისპირება არ გვქონია. იყო დაძაბულობა, რომელიც არჩევნებს ყოველთვის თან ახლავს. მე კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რა თქმა უნდა ყველას შევხვდებით, ყველას აზრი გასათვალისწინებელია და რაც ქართული რაგბისთვის უკეთესი იქნება, იმ გზით წავალთ. ჩვენ ჩვენი ხედვები და პროგრამა წარდგენილი გვქონდა, სამწუხაროა, რომ პირისპირ ვერ შევხვდით ჩვენს გულშემატკივარს ეპიოდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე. გავაკეთებთ დეტალურ ანალიზს გრძელვადიანი განვითარების გეგმისთვის ყველა ასპექტში. ვიმუშავებთ გუნდურად, ყველა გუნდთან ერთად და დავსახავთ იმ გეგმებს, რაც ქართული რაგბისთვის უმჯობესია. 

რადგან ვამბობ, ეს ასე იქნება. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ყველასთან თანამშრომლობისთვის მზად ვარ, როგორც კონკურენტებთან, ასევე იმ კლუბებთან ვინც მხარი არ დამიჭირა. ამას საჯაროდ, გულწრფელად ვამბობ. რაც შეეხება ფინანსურ პრობლემებს, ამისთვის ანალიზია საჭირო, რასაც განვიხილავთ და დავსახავთ პრიორიტეტებს, რომლის მიხედვითაც ვიმოქმედებთ", -
განაცხადა ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა. 

ბოლოსკენ აბუსერიძეს ჟურნალისტებმა ბაჩო ხურციძეზე ჰკითხეს, რომელიც წინასწარი ინფორმაციით არჩევნების გასაჩივრებას გეგმავს, რაზეც მან უპასუხა: " ყველას თავის გადაწყვეტილება აქვს და არჩევანი აქვს, დაველოდებით. მითქმა-მოთქმა იყო, რომ მე და გოჩა სვანიძე გაერთიანებულები ვიყავით და ის მოხსნიდა კანდიდატურას ჩემს სასარგებლოდ, თუმცა გამოჩნდა, რომ ყველაფერი სხვანაირად იყო."

შეგახსენებთ, რომ ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერი კლუბები საუბრობდნენ ზეწოლაზე, რომელიც მათი ინფორმაციით ბაჩო ხურციძის მაღალჩინოსანი მეგობრების მხრიდან არსებობდა, რათა კვორუმი არ შემდგარიყო და ამის გამო, კლუბების გარკვეულმა ნაწილმა არჩევნებზე მოსვლა ვერ შეძლო. კვორუმი მაინც შედგა, წინასწარი ინფორმაციით, ხურციძე არჩევნების შედეგებს გაასაჩივრებს.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"