ირაკლი აბუსერიძე: "სურდათ, რომ გამგეობა ჩუმად ჩაეტარებინათ, რაც სამარცხვინოა"

ირაკლი აბუსერიძე: "სურდათ, რომ გამგეობა ჩუმად ჩაეტარებინათ, რაც სამარცხვინოა"

დღეს "ლელო სარასენსის" ბაზაზე, რაგბის კავშირის გამგეობის სხდომა პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის ბაჩო ხურციძის განცხადების საფუძველზე ჩაინიშნა, რომელშიც ის არჩევნების გადადებას მოითხოვს.

როგორც ირაკლი აბუსერიძე და გოჩა სვანიძე აცხადებენ, სხდომის ჩანიშვნა ჩუმად მოხდა და გამგეობას არჩევნების გადადება სურს, რაც მხოლოდ მესამე კანდიდატს ბაჩო ხურციძეს სურს, ხოლო მათთვის არჩევნების გადადება, რომელიც ისედაც თითქმის ერთი წელია გადაიდო, კატეგორიულად მიუღებელია, ისევე როგორც კლუბების და მორაგბეების დიდი ნაწილისთვის.

გამგეობის სხდომა 14 საათზე უნდა გამართულიყო, თუმცა ის დაგვიანებით დაიწყო. თავდაპირველად, არ უშვებდნენ პრეზიდენტობის კანდიდატებს ირაკლი აბუსერიძეს და გოჩა სვანიძეს, ხოლო ბაჩო ხურციძე ადგილზე არ მისულა. "ლელო სარასენსის" ბაზის შესასვლელთან პატრულია მობილიზებული და გამგეობაზე დასწრების უფლება ჟურნალისტებსაც არ მისცეს.

ირაკლი აბუსერიძის თქმით, სხდომა ჩუმად იქნა ჩანიშნული და სურდათ, რომ ასევე ჩატარებულიყო, რაც სამარცხვინოა. ის ფიქრობს, რომ ბაჩო ხურციძის ქმედებები აბსოლუტურად ურთიერთგამომრიცხავია და არჩევნების გადება იმიტომ სურს, რომ კლუბების უმრავლესობისგან მხარდაჭერა არ აქვს. 

"წესით გამგეობა აქ, "ლელო სარასენსის" ბაზაზე არ უნდა ინიშნებოდეს, რომელიც უნდოდათ ჩუმად ჩაეტარებინათ, რაც არის სამარცხვინო და მიუღებელი. 

ურთიერთგამომრიცხავი, რადიკალურად განსხვავებული განცხადებების საფუძველზე მოხდა დღეს გამგეობის სხდომის ჩანიშვნა. ბაჩო ხურციძემ მიმართა განცხადებით სპორტის სამინისტროს, რის საფუძველზეც სპორტის სამინისტრომ თხოვნით მოგვმართა, რომ ხურციძის წერილის საფუძველზე ჩანიშნულიყო გამგეობის სხდომა და განხილულიყო ეს საკითხი. ვინ დგას ამის უკან და რა ინტერესები, ალბათ თავად უნდა ჰკითხოთ ხურციძეს.

ეს ყველაფერი გამოწვეული იმითაა, რომ კლუბების უმრავლესობა მხარს არ უჭერს. თუ უნდა მობრძანდეს მესამე კანდიდატი, ერთად შევიდეთ სამივე კანდიდატი და ვისაუბროთ, განვიხილოთ დეტალურად ყველაფერი, რადგან საბავშვო ბაღში არ ხდება ასეთი რამ, რომ აკეთებდე ერთ განცხადებას, სადაც არჩევნების ჩატარება და პრეზიდენტობა გინდოდეს, შემდეგ კი სრულიად ურთიერთგამომრიცხავს აკეთებდე. 

სამარცხვინოა ის რაც ხდება, ქართულ რაგბიში ასეთი რამ არასდროს ხდებოდა. გამგეობაზე მისასვლელად მისაწვევები არასდროს გვჭირდებოდა. ვისგან იცავენ თავს? ნამდვილი წევრებისგან? ერთმანეთისგან? პირდაპირ გეუბნებით, რომ ჩვენ ყველაფერი შევძელით, კლუბების უმრავლესობა გავაერთიანეთ, მოვახერხეთ ეს გარკვეული დაძაბულობის მიუხედავად. და ახლა, გარკვეული ვიწრო ჯგუფია, პირდაპირ გეტყვით, ამ ბაზის და კლუბის "ლელო სარასენსის" ხელმძღვანელი, რომელსაც სურს, რომ ქართული რაგბი თავის თავზე, რაც არის გულდასაწყვეტი. ჩვენ არავის ვუპირისპირდებდით, ჩვენ მხოლოდ ის გვინდა, რომ ქართული რაგბი ახალ, თვისებრივად უფრო მაღალ საფეხურზე ავიყვანოთ. არჩევნების გადადება არ უნდა მოხდეს", -
განაცხადა აბუსერიძემ.   

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"