"მე ვიყავი ჩამოუყალიბებელი ბიჭი" - მატერას პირველი კომენტარი რასისტული სკანდალის შემდეგ

"მე ვიყავი ჩამოუყალიბებელი ბიჭი" - მატერას პირველი კომენტარი რასისტული სკანდალის შემდეგ

არგენტინის ნაკრების კაპიტანმა პაბლო მატერამ, ცნობილი სკანდალის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

"პუმების" კაპიტანს გასულ თვეს 9 წლის წინანდელი "ტვიტერის" პოსტები ამოუქექეს, რომელშიც ის რასისტულ და ქსენოფობიურ განცხადებებს აკეთებდა. მის გარდა, ანალოგიურ სკანდალში გაეხვივნენ გვიდო პეტი და სანტიაგო სოსინო. 

არგენტინის რაგბის კავშირმა სამივე მორაგბე დასაჯა და ავსტრალიასთან მატჩის წინ, დროებით ნაკრებიდან მოკვეთა, ხოლო მატერას კაპიტნობაც ჩამოართვეს, თუმცა არგენტინის ნაკრების მორაგბეები თანაგუნდელებს გვერდში დაუდგნენ და "ვოლაბებთან" მატჩამდე გაფიცვით დაიმუქრნენ, რამაც გაჭრა და ტრიოსადმი სასჯელი გაუქმდა, თუმცა აღნიშნული ინციდენტისადმი გამოძიება კვლავ გრძელდება.

"სტად ფრანსეს" მორაგბემ Canal Plus-თან საუბარში განაცხადა, რომ მაშინ ჩამოუყალიბებელი ბიჭი იყო, მომხდარს ძალიან ნანობს, მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, პიროვნულად გაიზარდა და რაც იმ პოსტებში ეწერა, მასე ნამდვილად არ ფიქრობს. 

"წარმომიდგენია, თუ რამდენმა ადამიანმა იგრძნო თავი შეურაცხყოფილად, მტკივნეულად, როდესაც ეს პოსტები წაიკითხა. მინდა, რომ მათ პატიება ვთხოვო. 

ჩემს სკოლის მეგობრებთან ერთად მაშინ სოციალური ქსელი ძალიან ცუდად გამოვიყენე. მე უბრალოდ მსურს გავაგებინო ხალხს, რომ მე არ მჯერა არცერთი იმ სიტყვის, რომელიც იმ პოსტებში ეწერა. ეს ჩემს ღირებულებებს ნამდვილად არ წარმოადგენს. 

ამ პოსტების გამოქვეყნების დროს, მე ვიყავი ჩამოუყალიბებელი, საკმაოდ მეამბოხე ბიჭი. მე არ ვყოფილვარ დედისთვის იოლად აღსაზრდელი ბავშვი. მას შემდეგ ძალიან ბევრი დრო გავიდა, როდესაც წარსულს ვიხსენებ, ვხედავ, თუ რამდენად გავიზარდე, როგორც ადამიანი", -
აღნიშნა არგენტინის ნაკრების ლიდერმა. 

მატერას თქმით, ამ პოსტების გავრცელების შემდეგ, მისმა ოჯახმა მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო.

"ეს ყველაზე მეტად განვიცადე, რადგან უნებურად ისინი ჩავრთე ამ საშინელ სიტუაციაში. დღეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იმის ცოდნაა, რომ შეცდომა დავუშვი. ამისთვის პატიებას ვითხოვ", - დაასრულა პაბლომ საუბარი. 

მატერა არგენტინა XV-თან ერთად მონაწილეობას იღებდა სამხრეთაფრიკულ ვოდაკომის თასზე 2010-2013 წლებში, გარდა ამისა, მონაწილეობა მიიღო 2012 წელს ამავე ქვეყანაში გამართულ 20 წლამდელთა მსოფლიო თასზე. 

მისი იმდროინდელი ერთ-ერთი პოსტი ასე ითარგმნება: "სამხრეთ აფრიკა! ვტოვებ ამ შავებით სავსე ქვეყანას!"

2012 წელს დაწერილ პოსტში კი ვკითხულობთ: "კარგი დილაა, რომ გავიდეთ მანქანით და შავკანიანებს გადავუაროთ." 

მატერას აგრეთვე ქსენოფობიური კომენტარები ჰქონდა გაკეთებული ბოლივიელებსა და პარაგვაელებზე.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

"მნიშვნელოვანია გამგეობაში მამუკა გორგოძის წარმოდგენა, რომელიც უდიდესი მოვლენაა ქართულ რაგბში" - იოსებ ტყემალაძე
დავით კაჭარავა რაგბის კავშირის ახალი გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს
რაგბი ევროპის სუპერ თასი - პირველი ტურის განრიგი
18 სექტემბერს ლიონის რიგებში დავით ნინიაშვილის დებიუტი შედგება