ლევან მაისაშვილი: "წნეხი ვერ ავირიდეთ თავიდან, ეს იყო ფიჯისთან მარცხის ძირითადი მიზეზი"

ლევან მაისაშვილი: "წნეხი ვერ ავირიდეთ თავიდან, ეს იყო ფიჯისთან მარცხის ძირითადი მიზეზი"

შემოდგომის ერთა თასის დასკვნით მატჩში საქართველოს ნაკრები "მარიფილდზე" მეშვიდე ადგილისთვის ფიჯის დაუპირისპირდა და 24:38 დამარცხდა.

მატჩის დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, რომელმაც ქართველი ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. 

ფიჯისთან მატჩზე

პირველივე წუთიდან, როდესაც ბურთს დააგდებ და დაცვაში აღმოჩნდები, ლოგიკურია, რომ წნეხში აღმოჩნდები. თვითონ მოიქციეს თავი წნეხში და არა მოწინააღმდეგემ, ეს არის ცუდი. ამის გარდა, პირველივე შერკინებაზე აბსოლუტურად გაურკვეველი გადაწყვეტილება მიიღო მსაჯმა, როდესაც წავიღეთ შერკინება და აქეთ დაგვაჯარიმა. ამანაც გარკვეულწილად წნეხში მოგვაქცია და ვერ გამოვედით ამ წნეხიდან. ეს იყო ძირითადი მიზეზი ამ მარცხის, წნეხი ვერ ავირიდეთ თავიდან. დაგეგმილი გვქონდა, რომ წნეხი მოწინააღმდეგის ნახევარზე გადაგვეტანა, რაც საბოლოოდ ვერ მოვახერხეთ და ეს ყველაფერი ქულებში აისახა.

საქართველოს ნაკრების თამაშის შეფასება მთლიან ტურნირზე

ჩვენ გამოსვლას, მიუხედავად იმისა, რომ ყველა თამაში წავაგეთ დადებითად ვაფასებ, რადგან თამაშიდან თამაშამდე, რაც დაგეგმილი გვქონდა, მიღწეული იქნა. თამაშიდან თამაშამდე უკეთესი რაგბიც ვითამაშეთ და გაცილებით სხვა გუნდი ვართ, ვიდრე ვიყავით. ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ, ძალიან ბევრი ისეთი კომპონენტი დავხვეწეთ, რისი საშუალებაც აქამდე არ გვქონდა და ვერც გვექნებოდა. მთლიანობაში ტურნირზე გამოსვლას ვაფასებ დადებითად, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო თამაშზე იყო იმის რეალური შანსი, თამაში მოგვეგო. მაგრამ, როგორც ხედავთ, ასეთი დონის გუნდთან მოგება იოლი არაა, როდესაც არ გაქვს სიღრმე ზოგიერთ პოზიციებზე და არ გაქვს ამხელა გამოცდილება გუნდს, რომ შეძლო წნეხის არიდება. 

მეორე ტაიმის 10-წუთიანი მონაკვეთის შესახებ, როდესაც ფიჯიმ 3 ლელო დადო

სამწუხაროა, რაც მოხდა. ვიცით როგორი გუნდია ფიჯი. ეს არის გუნდი, რომელიც წუთიერ გათიშვას არავის არ პატიობს. შეასრულეს მაღალ დონეზე ეს შეტევები და დადეს ლელოები და ვერ შევძელით თავი რომ დაგვეცვა, მაგრამ სანამ ეს მოხდებოდა, პრობლემა ის იყო, რომ ჩვენ თვითონ დავთმეთ ბურთზე ინიციატივა და ეს არის საწყენი.  

ახალგაზრდა მორაგბეებზე, რომლებმაც მაღალი დონის ტურნირზე პირველად ითამაშეს

ეს ბიჭები არიან არაჩვეულებრივი ახალგაზრდები. მათ გამოსვლას დიდი ხანია, ჯერ კიდევ ახალგაზრდული ნაკრებებიდან ვაკვირდებოდი. ნინიაშვილი საერთოდ ძალიან პატარაა. ამ ბიჭებმა ამ პერიოდში იმხელა შრომა გაწიეს და იმხელა პროგრესი განიცადეს, რომ განსაცვიფრებელია. ძალიან კარგად ვახასიათებ ამ ახალგაზრდა ბიჭებს, რასაც ველოდი იმაზე უკეთესად ითამაშეს. ეს არის დიდი შრომის, დიდი ანალიზის, ყოველდღიური რუტინის შედეგი, რაც ძალიან რთულია სპორტსმენისთვის. ძალიან კმაყოფილი ვარ და ძალიან დიდ იმედს მაძლევენ ასეთი ახალგაზრდები. ეს არის რეალური მომავალი ქართული რაგბის და რაც შეიძლება მეტი სიღრმე უნდა გავაჩინოთ კონკრეტულ პოზიციებზე, რომ ამან შექმნას ჯანსაღი კონკურენცია და ჯანსაღი კონკურენცია საბოლოო ჯამში წარმატების გარანტია.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

ტოპ 14-ის მეცხრამეტე ტურის საუკეთესო ლელოები (VIDEO)
კოლომიე VS ბიარიცი - პრო დ2-ის მე-18 ტურის გახსნით მატჩში 5 ქართველი ითამაშებს
ოფიციალურად: ლეონე ნაკარავა კარიერას ირლანდიაში განაგრძობს
ჯონსი: "საქართველოს დამარცხების შემთხვევაში, მინდა, რომ პუტინს შევხვდე და გმირის წოდება მომცენ"