საქართველო რევანშისთვის იბრძოლებს, ფიჯი - ვერნ კოტერის წარმატებული დებიუტისთვის (პრევიუ)

საქართველო რევანშისთვის იბრძოლებს, ფიჯი - ვერნ კოტერის წარმატებული დებიუტისთვის (პრევიუ)

საქართველოს ნაკრები დღეს შემოდგომის ერთა თასზე ბოლო შეხვედრას გამართავს. "ბორჯღალოსნები" მეშვიდე ადგილისთვის მატჩში "მარიფილდზე" ფიჯის შეერკინებიან. 

ფიჯი

პარადოქსულია, რომ ტურნირი მთავრდება, ფიჯის კი თავის პირველ შეხვედრას მხოლოდ ახლა ატარებს. მიზეზი ყველამ ძალიან კარგად ვიცით - მათ ბანაკში 22 მორაგბე და 7 სტაფის წევრი გახლდათ კორონავირუსით დაინფიცირებული და ამის გამო, ჯგუფურ ეტაპზე მათი მონაწილეობით გასამართი ყველა მატჩი გაუქმდა, რომელშიც ფიჯელებს წაგება (0:28) ჩაეთვალათ. 

რა იქნებოდა ეს მატჩები რომ ეთამაშათ, ცალკე მსჯელობის საკითხია, მაგრამ ამას რეალურად ვერასდროს გავიგებთ. რეალობა კი ის გახლავთ, რომ ფიჯელებს დაგეგმილი ოთხის ნაცვლად, მხოლოდ ერთი მატჩის ჩატარება მოუწევთ და მათი მაქსიმუმი მეშვიდე ადგილზე გასვლა იქნება, რისთვისაც საქართველოზე მოგება მართებთ.

ფიჯელები ორ კვირაზე მეტი იზოლაციაში იმყოფებოდნენ და ვარჯიში მხოლოდ კვირას განაახლეს. მათ მხოლოდ რამდენიმე სრულფასოვანი ვარჯიში მოასწრეს, ამიტომაც, ბუნებრივი იქნება, თუ "მფრინავ ფიჯელებს" შეთამაშების და ფიზიკური კონდიციების მხრივ პრობლემები ექნებათ. 

დღევანდელ მატჩში ფიჯის ნაკრებს ოფიციალურ მატჩში პირველად უხელმძღვანელებს ვერნ კოტერი, რომელიც კუნძულელთა მთავარ მწვრთნელად მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ დაინიშნა, მაგრამ პანდემიის გამო, მისი დებიუტი აქამდე ვერ შედგა. კოტერი პირველ რიგში იმით გამოირჩევა, რომ სადაც მუშაობს ყველგან მაქსიმალურად ცდილობს დისციპლინის დამყარებას, რაც ფიჯისთვის ყოველთვის დიდი პრობლემა იყო. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კოტერმა შემოდგომის ერთა თასისთვის სამწვრთნელო შტაბში ცნობილი ვეტერანი მსაჯი გლენ ჯექსონი დაიმატა, იმისთვის, რომ გამოცდილმა რეფერიმ სამსაჯო ხრიკები გაუზიაროს ფიჯელებს და მიღებული ჯარიმების რაოდენობა მაქსიმალურად შეამცირონ. 

შემადგენლობას რომ გადავხედოთ, მაშინვე აღმოვაჩენთ იმას, რომ ფიჯელები დღეს "მარიფილდზე" მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო უკანა ხაზს გაიყვანენ. ფრთებზე ჯოშუა ტუისოვას და ნემანი ნადოლოს ვიხილავთ, რომელიც ორწლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება ნაკრებს, შუამარბები ლევანი ბოტია და ერთ-ერთი საუკეთესო მორაგბე სემი რადრადრა იქნებიან, ხოლო ფულბექის პოზიციაზე კინი მურიმურივალუ გაირჯება, რომელიც 11 წლის განმავლობაში ტოპ 14-ში ასპარეზობდა, ხოლო ზაფხულში ინგლისს მიაშურა და "ლესტერ ტაიგერსს" შეუერთდა. ფიჯელებს ღერძიც ძირითადი ეყოლებათ, "რებელსის" ჰავბექი ფრანკ ლომანი და მგეზავი ბენ ვოლავოლა.

მოკლედ, უკანა ხაზი ფიჯელებს უძლიერესი ჰყავთ, მაგრამ შერკინებაში აბსოლუტურად განსხვავებული ვითარებაა. მათ მესამე ხაზში პესელი იატო, ვილიამე მატა და სემი კუნატანი არ ეყოლებათ, ხოლო მეორე ხაზში ლეონე ნაკარავა, აპი რატუნიარავა და ტევიტა კავუბატი არ ეყოლებათ. ფიჯელთა შერკინებიდან გამოსარჩევია "კლერმონის" ბურჯი პენი რავაი, რომელიც შერკინებაშიც კარგია და ღია თამაშში კიდევ უფრო უკეთესია, კვაჭის პოზიციაზე სემ მატავესის ვიხილავთ, რომელიც "ნორსჰემპტონში" ასპარეზობს, მეორე ხაზში უელსური "სკარლეტსის" მორაგბეს ტევიტა რატუვას ვიხილავთ, ხოლო მესამე ხაზში "ლონდონ აირიშის" მორკინალი ალბერტ ტუისუეს ითამასებს. დებიუტი ექნება "ედინბურგის" მესამეხაზელ მესულამე კუნავულას, ისევე როგორც ტემო მაიანავანუს, ხოლო მარქაფაში ექვსი დებიუტანტია.

ფიჯელთა შემადგენლობა ასე გამოიყურება:

უკანა ხაზი

15. კინი მურიმურივალუ, 14. ჯოშუა ტუისოვა, 13. სემი რადრადრა (კაპიტანი), 12. ლევანი ბოტია, 11. ნემანი ნადოლო, 10. ბენ ვოლავოლა, 9. ფრანკ ლომანი;

შერკინება

1. პენი რავაი, 2. სამუელ მატავესი, 3. მესაკე დოგე, 4. ტევიტა რატუვა, 5. ტემო მაიანავანუ, 6. ჯონი დაიერი, 7. მესულამე კუნავულა, 8. ალბერტ ტუისუე; 

მარქაფა

16. ტევიტა იკანივერე, 17. ჰაერეიტი ჰეტეტი, 18. სამუელა ტავაკე, 19. კრის მინიმბი, 20. მანუელი რატუნიარავა, 21. სიმიონე კურუვოლი, 22. სერუ ვულარიკა, 23. ვაისეა ნაიათალევუ.  

საქართველო

ფიჯისგან განსხვავებით, "ბორჯღალოსნებმა" შემოდგომაზე ოთხი მაღალი დონის ტესტი გამართეს და ფიჯისთან მატჩს ფორმის პიკში ხვდებიან. შოტლანდიიდან ირლანდიამდე საქართველოს ნაკრებმა თამაში აშკარად გააუმჯობესა და ეს წინა მატჩში ნათლად გამოჩნდა. "ბორჯღალოსნების" კარგმა თამაშმა უცხოელი გულშემატკივარი აალაპარაკა და კვლავ წავიდა 6 ერში მიღებაზე ლაპარაკი, ხოლო გიორგი კვესელაძის თამაშით და ლელოთი ყველა აღფრთოვანდა და ქართველი შუამარბი ჯერ ტურის სიმბოლურში მოხვდა, შემდეგ ტურის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა, ამის მერე კი მისი ლელო ტურის საუკეთესო ლელოდ აღიარეს. მოკლედ, "ბორჯღალოსნები" დღევანდელ მატჩს კარგი განწყობით ხვდებიან და ყველაფერს გაიღებენ იმისთვის, რომ დღევანდელ მატჩში მსოფლიო თასზე განცდილი მარცხისთვის რევანში აიღონ, ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვონ და პროგრესი უფრო თვალსაჩინოდ წარმოაჩინონ. 

ფიჯისთან მატჩში "ბორჯღალოსნების" სასტარტო შემადგენლობაში სამი ცვლილება განხორციელდა. ფრთაზე თამაზ მჭედლიძის ნაცვლად სანდრო თოდუა ბრუნდება, რვა ნომრის პოზიციაზე ტრავმირებული ბექა გორგაძის ადგილს თორნიკე ჯალაღონია დაიკავებს, რომელიც წინა მატჩში ფლანკერად ასპარეზობდა, ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდება ოთარ გიორგაძე, რომელიც ირლანდიასთან მატჩში განაცხადში არ ყოფილა. ტრავმა მოიშუშა და სასტარტოში იქნება კონსტანტინე მიქაუტაძე, რომელმაც ნოდარ ჭეიშვილი შეცვალა. ასევე მცირე ტრავმა აწუხებთ ლექსო ყაულაშვილს და გიორგი თხილაიშვილს, რომლებიც თამაშს ვერ შეძლებენ. 

მარქაფაში დაბრუნდენ ჯაბა ბრეგვაძე, გურამ გოგიჩაშვილი და გელა აფრასიძე. ასევე თადარიგშია გრიგორ ქერდიყოშვილი, რომელსაც ირლანდიასთან არ უთამაშია, წინა მატჩებში კი სასტარტოში იყო. 

"ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ასე გამოიყურება:

უკანა ხაზი


სოსო მათიაშვილი (29 კეპი, 152 ქულა), 14. აკაკი ტაბუცაძე (6 კეპი, 30 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (28 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (70 კეპი, 60 ქულა, კაპ.), 11. სანდრო თოდუა (88 კეპი, 65 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (19 კეპი, 109 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (55 კეპი, 40 ქულა);

შერკინება

მიხეილ ნარიაშვილი (65 კეპი, 10 ქულა), 2. შალვა მამუკაშვილი (77 კეპი, 50 ქულა), 3. ბექა გიგაშვილი (17 კეპი, 5 ქულა), 4. ლაშა ჯაიანი (5 კეპი), 5. კოტე მიქაუტაძე (65 კეპი, 10 ქულა), 6. ოთარ გიორგაძე (28 კეპი, 25 ქულა), 7. ბექა საღინაძე (16 კეპი, 5 ქულა), 8. თორნიკე ჯალაღონია (3 კეპი);

მარქაფა

16. ჯაბა ბრეგვაძე (61 კეპი, 15 ქულა), 17. გურამ გოგიჩაშვილი (17 კეპი, 5 ქულა), 18. გიორგი მელიქიძე (21 კეპი, 5 ქულა), 19. გრიგორ ქერდიყოშვილი (4 კეპი, 5 ქულა), 20. მიხეილ გაჩეჩილაძე (11 კეპი, 10 ქულა); 21. გელა აფრასიძე (28 კეპი, 24 ქულა), 22. დემურ თაფლაძე (5 კეპი, 5 ქულა), 23. დავით ნინიაშვილი (1 კეპი).

წინასამატჩო კომენტარები

ვერნ კოტერი (ფიჯის ნაკრების მთავარი მწვრთნელი):
"რაც ჩვენ გამოვიარეთ რთული იყო, მაგრამ ასეთ სიტუაციაში ადამიანები იზრდებიან და უკეთესები ხდებიან. ვფიქრობ, ჩვენ ეს გავაკეთეთ, როგორც ინდივიდუალურად, ისევე გუნდურად. 

ახლა უფრო ძლიერები ვართ, 10 დღე გაგვიცდა, მაგრამ ახლა, როცა ერთმანეთს ვუყურებთ ერთმანეთის თვალებში ამოიკითხავთ მესიჯს, რომ რაღაც რთული გამოვიარეთ და ჩვენი მოთამაშეების ჯანმრთელობა თავიდანვე ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. 

ვფიქრობ, უნდე გვესმოდეს, რომ ეს არ იყო მორაგბეებისთვის ადვილი, თუ კი გავლენ შაბათს მოედანზე და ითამაშებენ თავისთავად უკვე მიღწევა იქნება. 

სიმართლე, რომ ვთქვათ ამას მოთამაშეები დიდად არ შეუწუხებია. ისინი მომართულნი არიან, რომ ითამაშონ მფრინავი ფიჯელებისთვის და ჩაიცვან თეთრი მაისური, რომელშიც ერთად ძალიან ამაყები არიან, რომ თავიანთ ქვეყანას წარმოადგენენ. გვაქვს საინტერესო ნაზავი გამოცდილი და ახალგაზრდა მოთამაშეების, რომელთაც ნაკრებში თავის დამკვიდრება სურთ. 

ჩვენ გვყავს ჩამოყალიბებული უკანა ხაზი, რომელსაც ერთად ბევრი ტესტ-მატჩი აქვს ნათამაშები და ბურთის ფლობის შემთხვევაში მოველი, რომ ისინი ლეტალურები იქნებიან.

ვიცით, რომ საქართველო რთული მეტოქეა, რომელიც პროგრესირებს, რადგან კარგ ტურნირზე მონაწილეობს."


ლევან მაისაშვილი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "სელექციისას გავითვალისწინეთ მიკროტრავმები, სტატიკური მდგომარეობა, ვაკვირდებოდით ბიჭებს ყოველდღიურად და ყოველწუთიერად. არის სამწვრთნელო ალღოც, რომელსაც უნდა დაეყრდნო და ვეცადე მაქსიმალურად ძლიერი და გამოცდილი გუნდი დამეყენებინა. რამდენიმე პოზიციაზე ისეთი კონკურენციაა, რომ არჩევანის გაკეთება გაგვიჭირდა და ეს ძალიან კარგია.

ფიჯისთან საბრძოლველად კარგად ვართ მომზადებული. სამწუხაროდ, დაგვაკლდება ბექა გორგაძე, რომელსაც ჯვარედინი იოგები და მყესი აქვს დაზიანებული. სამწუხაროდ, ის საოპერაციოა, მაგრამ პროფესიონალურ სპორტში ასეთი რამ ხშირია და ვერაფერს ვიზამთ.

სრულფასოვანი შეცვლები გვყავს და ანალიზს უკეთ ვაკეთებთ. გარდა ამისა, ძლიერ მეტოქეებთან თამაშში ჩართვა გვიჭირს, დებიუტში შეცდომებზე გვიჭერენ და უპირატესობას ხელიდან არ უშვებენ. დახვეწის პროცესშია ჩვენი თამაშის მართვა.

უმნიშვნელოვანესია ფიზ.მომზადება, სადაც გუნდი უნაკლოდაა მომზადებული. ამ მხრივ უფრო კარგად ვართ, ვიდრე 2019 წლის მსოფლიო თასზე ვიყავით, წინ მივდივართ და ეს აბსოლიტურად ქართველებით დაკომპლექტებული ფიზ.მომზადების ჯგუფის – ირაკლი ჭყონიას, დავით ნემსაძისა და ნიკა პინაიშვილის დამსახურებაა, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი.

ეს მნიშვნელოვანია თავდაჯერებულობისთვის. მთლიანობაში, შეკრებაზე მყოფი ყველა მოთამაშე, ახლა ყოველმხრივ უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე ტურნირის დაწყებამდე იყო და თამაშობდა თუ არა, ყველა მათგანი სრულად იყო ჩართული მზადების პროცესში."


მოთამაშეები, რომლებსაც თვალი უნდა ადევნოთ

სემი რადრადრა (ფიჯის ნაკრების შუამარბი): ფიჯელთა რიგებში რამდენიმე მსოფლიო დონის ვარსკვლავია, მაგრამ მთავარი ძალა მაინც სემი რადრადრაა, რომლის თამაშზეც ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. მისი ბრწყინვალე თამაშის დამსახურებით, პანდემიის დაწყებამდე "ბორდო" ტოპ 14-ს ლიდერობდა, ხოლო ზაფხულში "ბრისტოლში" გადასვლის შემდეგ, უმალ ახალი გუნდის ლიდერად იქცა და ჩელენჯ თასის მოგებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. იმ გულშემატკივრებს კი, რომლებიც საკლუბო რაგბის ნაკლებად ადევნებენ თვალს, რადრადრა კარგად ემახსოვრებათ 2019 წლის მსოფლიო თასის მატჩიდან, რომელშიც ფიჯელებმა 45:10 მოგვიგეს და სემის ნამდვილი ბენეფისი ჰქონდა.  

გიორგი კვესელაძე (საქართველოს ნაკრების შუამარბი): რადრადრას პირისპირ დღეს გიორგი კვესელაძე ითამაშებს, რომელმაც გასულ კვირას ირლანდიასთან ნაჩვენები ბრწყინვალე თამაშით და ჩინებული ლელოთი სარაგბო სამყაროს ყურადღება მიიპყრო. უდავოა, რომ 23 წლის კვესელაძის თამაშს დღეს ყურადღებით დააკვირდებიან არამარტო გულშემატკივრები, არამედ უცხოური კლუბების სკაუტები და თუ გიორგი წარმატებით ჩააბარებს გამოცდას, რომელსაც სემი რადრადრას წინააღმდეგ თამაში ჰქვია, მაშინ მის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება.  


ურთიერთშეხვედრები

ამ გუნდების გზები აქამდე ოთხჯერ გადაიკვეთა. სამ შემთხვევაში ფიჯიმ იმარჯვა, ხოლო ერთხელ საქართველომ მოიგო. პირველი მატჩი 2012 წელს შედგა და თბილისში ფიჯიმ 24:19 იმარჯვა. 2016 წელს "ბორჯღალოსნებმა" რევანში აიღეს და სუვაში 14:3 მოიგეს, ხოლო ბოლო ორ მატჩში კუნძულელებმა იმარჯვეს: 2018 წლის წყნარი ოკეანეთის თასზე 37:15 და მსოფლიო თასზე 45:10. 

მსაჯები

მატჩის მთავარი მსაჯი 36 წლის შოტლანდიელი მაიკ ადამსონი იქნება, რომელმაც თბილისში გამართულ 2017 წლის მსოფლიო 20-წლამდელთა ჩემპიონატზე იმსაჯა და აქედან გამომდინარე, მას საქართველოსთან გარკვეული მოგონებები აკავშირებს. კიდედან იმსაჯებენ ასევე შოტლანდიელი სემ გროუ-ვაითი და იტალიელი ანდრეა პიარდი, ხოლო ვიდეორეფერი ირლანდიელი ბრაიან მაკნეისი იქნება.  

სად ვუყუროთ?

მატჩი თბილისის დროით 16 საათზე დაიწყება და ტელეკომპანია "იმედის" და რაგბი ტვ-ის ეთერში იხილავთ.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"