გიორგი ნემსაძე: "დავინახე გაცეცხლებული ირლანდიის ნაკრები, რომელსაც ბიჭებმა არაფერი დაუთმეს"

გიორგი ნემსაძე: "დავინახე გაცეცხლებული ირლანდიის ნაკრები, რომელსაც ბიჭებმა არაფერი დაუთმეს"

შემოდგომის ერთა თასის მესამე ტურში ირლანდიის ნაკრები "ავივა სთედიუმზე" საქართველოს ნაკრებს დაუხვდა და ბრძოლაში 23:10 იმარჯვა.

"ბორჯღალოსნებმა" მეტოქეს დიდი ბრძოლა გაუმართეს, მეორე ნახევარში ლელო არ დაადებინეს და დაგეგმილი ბონუს ქულა არ ააღებინეს. ირლანდიამ პირველ ტაიმში 20:7 იმარჯვა, ხოლო მეორე ნახევარი ფრედ 3:3 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების თამაშით კმაყოფილი დარჩა ვეტერანი "ბორჯღალოსანი" გიორგი ნემსაძე, რომელიც ფიქრობს, რომ ამ მატჩებში გუნდის პროგრესი თვალსაჩინოა. Myrugby.Ge ნემსაძეს, რომელიც სარაგბო კარიერის დასრულების შემდეგ ქუთაისის "აიას" სამწვრთნელო შტაბშია, დაუკავშირდა და მასთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც გიორგიმ საქართველოს ნაკრების განვლილ მატჩებზე, ფრენჩაიზის საჭიროებაზე, დიდ 10-ზე და მის სამწვრთნელო კარიერაზე ისაუბრა.  

ირლანდიასთან მატჩზე

ჩვენი გუნდი კარგად გამოიყურებოდა. განსაკუთრებით დაცვის ასპექტში იყო სწრაფი წინ სვლა და დომინანტური ბოჭვები. იყო გაუმჯობესებული მოლის დაცვა და შეტევაში აშკარად უკეთ ვთამაშობდით. წინა სამი თამაშიდან მიღებული გამოცდილება კარგად დაგვეხმარა. დავინახე მეორე ტაიმში გაცეცხლებული ირლანდიის ნაკრები, რომელიც მთელი ძალით გვიტევდა და უნდოდა ყველაფრის ჩვენება, რაც შეეძლო, მაგრამ არაფერი დაუთმეს ბიჭებმა და შედეგიც მივიღეთ.

მინდა აღვნიშნო ჩვენი ბიჭების თავგანწირული თამაში და მინდა მივულოცო გიორგი კვესელაძეს კვირის ნაკრებში მოხვედრა. ჩემი აზრით, კვესო იყო გუშინდელი თამაშის საუკეთესო მოთამაშე!!!! ასევე მინდა აღვნიშნო ფიზმომზადების მაღალი დონე, რაც ხშირად იყო ჩვენი სუსტი წერტილი. 

შოტლანდიიდან ირლანდიამდე

ამ თამაშებში დავინახე, რომ თამაშიდან თამაშამდე ჩვენი გუნდი გაიზარდა. ამ პანდემიიდან გამომდინარე, როდესაც შოტლანდიას ვეთამაშეთ, გუნდის 60%-ს 8 თვე რაგბი არ ჰქონდა ნათამაშები და შესაბამისად, ეს მათთვის პირველი თამაში გამოვიდა. ამის შემდეგ იყო ინგლისთან თამაში, მერე უელსთან და ბოლოს ირლანდიასთან. პროგრესი სახეზეა - ჩვენ დიდი რაგბის ოჯახში ადგილი გვეკუთვნის.

მოლოდინი ფიჯისთან გასამართი მატჩისგან

ფიჯი არის მსოფლიო ვარსკვლავებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელსაც ჰყავს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დისციპლინირებული მწვრთნელი ვერნ კოტერი. თუ მათ მოახერხეს ამ ყველაფრის გაერთიანება, არ იქნება არც ინგლისზე, არც უელსზე და არც ირლანდიაზე ნაკლები გუნდი. ასე რომ, მოლოდინი მაქვს კარგი რაგბის და კიდევ უკეთესი შედეგის. უფრო მეტი შეტევა - ამის მოლოდინი მაქვს.

ფრენჩაიზი - აუცილებლობა ქართული რაგბის განვითარებისთვის

ქართულ რაგბის სჭირდება კიდევ მეტი დრო ასეთ გუნდებთან თამაშისთვის. უფრო მეტი გამოცდილება ამ დონეზე თამაშის. ფრანჩაიზი აუცილებელია მაღალ დონეზე სათამაშოდ, თორემ ეთამაშო ინგლისს და მერე დაბრუნდე და დიდ 12-ში ითამაშო, სამწუხაროდ დიდი პროგრესს ვერ გავაკეთებთ. ვნახეთ როგორ გავიზარდეთ თამაშიდან თამაშამდე ამ მატჩებში და წარმოვიდგონოთ როგორ გავიზრდებით, როცა საშუალება გვექნება პრო 14-ში ყოველ კვირას ვეთამაშოთ "ალსტერს", "ოსპრისს", "ლენსტერს" და ა.შ. 

ახალი სარაგბო ამპლუა - მწვრთნელობის პირველი ერთი წელი და სამომავლო გეგმები

ძალიან საინტერესო საქმეა. ზოგჯერ მავიწყდება, რომ მწვრთნელი ვარ და მოედანზე შესვლა მინდა. განსხვავებული თემა არის რეალურად რომ ვთქვა. გეგმავ, ხაზავ რაღაცეებს და მერე მოედანზე ამის შესრულება მოთამაშეებზეა დამოკიდებული. უჩვეულო ამპლუა არის, მაგრამ იმდენად საინტერესოა, რომ კმაყოფილი ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე და რაგბიში დავრჩი. 

მიზნები დიდი მაქვს, მაგრამ ამ ეტაპზე პანდემიამ შემიშალა ხელი. მინდა წავიდე, რაც შეილება ხშირად და დიდ გუნდებს დავესწრო ვარჯიშებზე და პროგრესს ავყვე. მაქვს კონტაქტი ჩემს ყოფილ გუნდთან "ოსპრისთან". მითხრეს, რომ ყოველთვის მოხარული ვიქნებით თუ ჩამოხვალ და გაგიზიარებთ ჩვენს გამოცდილებასო. ასე რომ, მიზნები და სურვილები დიდია. ვნახოთ რა იქნება მომავალში.

დიდი 10-ის შესახებ

დიდი 10-ის დონე იზრდება, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან უფრო მეტი პროგრესის გაკეთებაც შეიძლება. დაფინანსებას რაც შეეხება, სამწუხაროდ ეს არის რისი საშუალებაც არის დღეს. თუ ვლაპარაკობთ ფინანსებზე, თანამედროვე რაგბიზე და გვინდა მათ გვერდით ვიდგეთ, ეს მიზერულია. 

აუცილებელია ფრანჩაიზი. ეს ჩემი აზრით დიდ 10-ში მოტივაციას გაზრდის, მოთამაშეები, რომლებიც თავს გამოიჩენენ, შანსი უნდა ჰქონდეთ ფრანჩაიზში თამაშის.

გიორგი ნემსაძეს საქართველოს ნაკრების კვართით 2005-2019 წლებში 95-ჯერ უთამაშია და 15 ლელოს გატანა მოახერხა. მან სამ მსოფლიო თასზე იასპარეზა. საკლუბო დონეზე კი, მშობლიური "აიას" გარდა, "დომონში" (2007-2009), "მასიში" (2009-2010), "მონტობანში" (2010-2011), "აჟენში" (2011-2012), "ტარბიში" (2012-2016), "ბრისტოლში" (2016-2018), "ოსპრისში" (2018-2019) და "ვვა-პადმასკოვიეში" უთამაშია. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

ტოპ 14-ის მეცხრამეტე ტურის საუკეთესო ლელოები (VIDEO)
კოლომიე VS ბიარიცი - პრო დ2-ის მე-18 ტურის გახსნით მატჩში 5 ქართველი ითამაშებს
ოფიციალურად: ლეონე ნაკარავა კარიერას ირლანდიაში განაგრძობს
ჯონსი: "საქართველოს დამარცხების შემთხვევაში, მინდა, რომ პუტინს შევხვდე და გმირის წოდება მომცენ"