წინათქმა: უელსი VS საქართველო

წინათქმა: უელსი VS საქართველო

შემოდგომის ერთა თასის მეორე ტურში უელსის ნაკრები "პარკ სკარლეტსზე" საქართველოს უმასპინძლებს. ორივე გუნდს განსხვავებული მიზნები აქვს. უელსელთათვის ერთადერთი მისაღები შედეგი გამარჯვება და საშინელი 6-მატჩიანი წაგებათა სერიის შეწყვეტაა, ხოლო "ბორჯღალოსნების" უმთავრესი მიზანი ის გახლავთ, რომ შოტლანდიასთან და ინგლისთან ნაჩვენები თამაშის ხარისხი გააუმჯობესონ და უელსთან იმაზე კარგად იასპარეზონ, ვიდრე ეს წინა შეხვედრებში მოახერხეს.

უელსი

უელსის ნაკრები საქართველოსთან მატჩს ძალიან ცუდი სერიით ხვდება. "დრაკონებს" ზედიზედ ექვსი მატჩი აქვთ წაგებული. მათ უკანასკნელად 1 თებერვალს იმარჯვეს, როდესაც 6 ერის მატჩში "ფრინსიფალითი სთედიუმზე" იტალია 42:0 გაანადგურეს, მას შემდგომ კი, შინ შოტლანდიასთან (10:14) და საფრანგეთთან (23:27), გასვლაზე კი ირლანდიასთან (14:24), ინგლისთან (30:33), საფრანგეთთან (21:38) და ირლანდიასთან (9:32) დამარცხდნენ. 

ბუნებრივია, რომ უეინ პივაკის გუნდის ერთადერთი მიზანი ამ საშინელი სერიის შეწყვეტა იქნება, თან რაც შეიძლება კარგი თამაშით და სოლიდური ანგარიშით, მიუხედავად იმისა, რომ წინა მატჩთან შედარებით შემადგენლობა საკმაოდ შეცვლილია და გადახალისებულია.

პივაკმა ირლანდიასთან წაგებული (9:32) შეხვედრის შემდეგ სასტარტო თხუთმეტეულში 13 ცვლილება განახორციელა. შერკინებაში ჯასტინ ტიპურიკი დატოვა ძირითადში, რომელიც ამ მატჩში უელსს უკაპიტნებს, ხოლო უკანა ხაზში ლიამ უილიასმა შეინარჩუნა ადგილი, ოღონდ ამჯერად ფრთის ნაცვლად, ფულბექის პოზიციაზე იასპარეზებს. 

ჯორჯ ნორსი მიმდინარე კვირაში "ოსპრისს" დაუბრუნდება და საკუთარ გუნდს პრო 14-ში "ბენეტონთან" მატჩში დაეხმარება, ხოლო სხვა ვარსკვლავები დაისვენებენ.

დებიუტი ექნება ოთხ მორაგბეს: მესამეხაზელი ჯეიმს ბოთამი, ცხრა ნომერი ქირან ჰარდი და შუამარბი ჯონი უილიამსი ძირითადში არიან, ხოლო მგეზავი იოან ლოიდი შეცვალაზე შევა.       

უელსელთა რაზმი ასე გამოიყურება:

უკანა ხაზი

15. ლიამ უილიამსი (65 კეპი), 14. ჯონი მაკნიკოლი (4), 13. ნიკ ტომპკინსი (6), 12. ჯონი უილიამსი (*უკეპო), 11. ლუის რის-ზემიტი (1), 10. კალუმ შიდი (1), 9. ქირან ჰარდი (*უკეპო)

შერკინება

1. უინ ჯონსი (27), 2. ელიოტ დი (30), 3. სამსონ ლი (43), 4. ჯეიკ ბოლი (47), 5. სებ დევისი (8), 6. ჯეიმს ბოთამი (*უკეპო), 7. ჯასტინ ტიპურიკი (78, კაპ.), 8. აარონ უეინვრაითი (24)

მარქაფა:

16. სემ პერი (2), 17. ნიკი სმიტი (36), 18. ლეონ ბრაუნი (10), 19. კორი ჰილი (27), 20. ჯეიმს დევისი (9), 21. რის ვები (34), 22. იოან ლოიდი (*უკეპო), 23. იოჰან ჰოლმსი (3)

საქართველო

საქართველოს ნაკრებმა შემოდგომაზე უმაღლესი დონის მეტოქეებთან ორი მატჩის ჩატარება მოასწრო და ორივეში უშანსოდ დამარცხდა: 23 ოქტომბერს გასახურებელ ტესტ-მატჩში შოტლანდიასთან 7:48, ხოლო შემოდგომის ერთა თასის პირველ ტურში ინგლისთან - 0:40.

ინგლისთან მატჩში გარკვეულ ასპექტებში, პირველ რიგში კი დაცვაში თამაშში უკეთესობა შეინიშნებოდა. "ბორჯღალოსნების" უმთავრესი მიზანი უელსთან მატჩში სწორედ ის გახლავთ, რომ გუნდმა იმაზე კარგი თამაში აჩვენოს, ვიდრე ეს საწყის ორ მატჩში მოახერხა.

ინგლისთან შეხვედრის შემდგომ ლევან მაისაშვილმა სასტარტო თხუთმეტეულში ხუთი ცვლილება განახორციელა: სამი შერკინებაში და ორი უკანა ხაზში. შერკინებაში კვაჭის პოზიციაზე ჯაბა ბრეგვაძე დაიწყებს თამაშს, რომელმაც შალვა მამუკაშვილი შეცვალა, მეორე ხაზში "ბორჯღალოსნებს" კონსტანტინე მიქაუტაძე დაემატა, რომელიც ამ პოზიციას მნიშვნელოვნად გააძლიერებს, ხოლო მესამე ხაზში ოთარ გიორგაძემ ძირითადში გადაინაცვლა, გიორგი თხილაიშვილმა კი მარქაფაში.

რაც შეეხება უკანა ხაზს, ცხრა ნომრის პოზიციაზე გელა აფრასიძე ვასილ ლობჟანიძემ ჩაანაცვლა, ხოლო ფრთაზე სასტარტოში სანდრო სვანიძის ნაცვლად, სანდრო თოდუა დაბრუნდა. გარდა ამისა, მარქაფაში გამოჩნდნენ კვაჭი გიორგი ჭყოიძე, რომელსაც შემოდგომის სერიებზე ჯერ არ უთამაშია და თამაზ მჭედლიძე, რომელიც ინგლისთან მატჩში განაცხადში არ იყო. 

საქართველოს შემადგენლობა ასე გამოიყურება:

უკანახაზი

15. ლაშა ხმალაძე (84 კეპი), 14. აკაკი ტაბუცაძე (4), 13. გიორგი კვესელაძე (26), 12. მერაბ შარიქაძე (68, კაპ.), 11. სანდრო თოდუა (87), 10. თედო აბჟანდაძე (17), 9. ვასილ ლობჟანიძე (53);

შერკინება

1. მიხეილ ნარიაშვილი (63), 2. ჯაბა ბრეგვაძე (60), 3. ბექა გიგაშვილი (15), 4. გრიგორ ქერდიყოშვილი (3), 5. კოტე მიქაუტაძე (64), 6. ოთარ გიორგაძე (27), 7. ბექა საღინაძე (14), 8. ბექა გორგაძე (29);

მარქაფა

16. გიორგი ჭყოიძე (11), 17. გურამ გოგიჩაშვილი (16), 18. ლექსო ყაულაშვილი (2), 19. ლაშა ჯაიანი (3), 20. გიორგი თხილაიშვილი (59); 21. გელა აფრასიძე (27 კეპი), 22. დემურ თაფლაძე (3), 23. თამაზ მჭედლიძე (58).

წინასამატჩო კომენტარები

უეინ პივაკი (უელსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი):
"შაბათი დიდი შესაძლებლობაა, როგორც მოთამაშეებისთვის, ასევე ჩვენთვის, გუნდისთვის, რომელიც მომავლისკენ, 2023 წლის მსოფლიო თასისკენ იყურება.

როგორც უკვე ვთქვით, შემოდგომის ერთა თასი ჩვენთვის შესანიშნავი პლატფორმაა, რომ მორაგბეებს მივცეთ თავის წარმოჩენის შესაძლებლობები, მიიღონ მათ გამოცდილება და შევქმნათ სიღრმეები. 

ეს არის დიდი პატივი ახალბედა მორაგბეებისთვის, რომლებსაც სასტარტო შემადგენლობაში დებიუტი ექნებათ და პირველ კეპებს მოიხვეჭენ. მათ ვარჯიშებზე კარგად წარმოაჩინეს თავი და იმსახურებენ შესაძლებლობას, რომელსაც საკუთარი ქვეყნის ღირსების დაცვა ჰქვია."


ლევან მაისაშვილი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "წინა მატჩის შემდეგ, შემადგენლობაში ბევრი ცვლილება არ გვაქვს. მარქაფაში გვყავს მორაგბეები, რომლებმაც მეორე ტაიმში უნდა გაგვაძლიერონ. მიუხედავად იმისა, რომ უელსმა ბოლო ექვსი თამაში წააგო, ის ძლიერი გუნდია და მათგან ბევრ ხიფათს ველით. წინა მატჩებში შეჯგუფებებში პრობლემა გვქონდა, თუმცა ახლა გაცილებით უკეთ ვართ მომზადებული და ამ კომპონენტში მეტოქეს არაფერს დავუთმობთ."

მერაბ შარიქაძე (საქართველოს ნაკრების კაპიტანი): "უელსში წვიანი და ქარიანი ამინდია, გარეთ არც გავსულვართ. დღევანდელი დღე ძირითადად დასვენება არის და კაპიტნის მოკლე ვარჯიში. თამაშს რაც შეეხება, ვეთამაშებით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდს, მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი 6 მატჩი წაგებული აქვთ. შესაბამისად, უელსელთათვის ეს მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იციან, რომ ამ მატჩის მოგება შეუძლიათ და ახალგაზრდა, შედარებით გამოუცდილი მოთამაშეები დააყენეს, რომლებიც დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მოტოვირებულნი იქნებიან და დარწმუნებული ვარ, რომ ამ მატჩში გეგმავენ, რომ ეს წარუმატებელი სერია შეწყვიტონ. ასე რომ, წინ ძალიან რთული შეხვედრა გველოდება. 

შეიძლება ეს მოთამაშეები ამ მომენტისთვის თავიანთ პოზიციებზე პირველი არჩევანი არ არიან, თუმცა ისინი ამომავალი ვარსკვლავები არიან, თუ უკვე არა ვარსკვლავები. ეს მორაგბეები თავიანთ გუნდებში წამყვანი მოთამაშეები არიან. შანსებზე ლაპარაკი ძალიან რთული არის. მე ვიტყოდი, რომ ამაზე ფოკუზირება ნაკლებად უნდა გაკეთდეს და ძირითადად ჩვენს თავებზე და ჩვენს გუნდზე უფრო ვიფიქროთ მეტი.

რა თქმა უნდა ამ მატჩებისგან ბევრი ვისწავლეთ. ვისწავლეთ როგორც მინიმუმ რაც თეორიულად შეიძლება ვიცოდით, ის პრაქტიკაში კიდევ ერთხელ ვნახეთ. ასეთი გაკვეთილები ბევრჯერ არის საჭირო, მხოლოდ ერთხელ და ორჯერ არ კმარა. პირველ რიგში უნდა ვისწავლოთ და იმედი მაქვს, რომ ვისწავლეთ წნეხთან გამკლავება. თუ კონდიციები შეგვიწყობს ხელს, ვიმედოვნებ, რომ უფრო თამამად ვითამაშებთ ხელით. თუ შევადარებთ შოტლანდიასთან და შემდგომ ინგლისთან მატჩს, ამ მხრივ მცირედი გაუმჯობესება გვქონდა და ვიმედოვნებთ, რომ ინგლისთან შეხვედრის შემდგომ, უელსთან კიდევ უფრო მეტი გაუმჯობესება გვექნება. იმედი მაქვს, რომ ეს სათამაშო პრაქტიკა და გამოცდილება უკვე მესამე თამაშზე კარგად წამოგვეწევა. 

დაგვიბრუნდა კოტე მიქაუტაძეც, რაც ძალიან სასიხარულოა და ვიმედოვნებ, რომ მისი მოედანზე ყოფნა გაგვაძლიერებს. თუ არ ჩავთვლით ტრავმებს, ალბათ, ამ მომენტისთვის ოპტიმალური შემადგენლობა გვეყოლება უელსთან მატჩში. ვიმედოვნებ, რომ ამ ორი მატჩის პრაქტიკას და გამოცდილებას კარგად გამოვიყენებთ და დასამახსოვრებელ თამაშს ჩავატარებთ."


მოთამაშეები, რომლებსაც თვალი უნდა ადევნოთ

კალუმ შიდი (უელსის ნაკრების მგეზავი) - გარეთ ენსკომბის და რის პაჩელის არყოფნაში, უეინ პივაკმა დენ ბიგარი დაასვენა, ხოლო ძირითად შემადგენლობაში "ბრისტოლის" მგეზავი კალუმ შიდი დააყენა, რომელმაც 2019/2020 წლების სეზონი შესანიშნავად ჩაატარა და "ბრისტოლთან" ერთად ჩელენჯ თასი მოიგო, ხოლო პრემიერშიპში ნახევარფინალში გავიდა. მან კი ყველა ტურნირზე 30 თამაში ჩაატარა და 291 ქულის გატანა მოახერხა. 25 წლის მორაგბე უელსის ნაკრებში მხოლოდ მეორე კეპს მოიხვეჭს, მას დებიუტი ირლანდიასთან მატჩში ჰქონდა და მოედანზე ბოლო 13 წუთი გაატარა. ამჯერად კი, თამაშს სასტარტოში იწყებს და მისი ასპარეზობა საინტერესო იქნება.


კონსტანტინე მიქაუტაძე (საქართველოს ნაკრების მეორეხაზელი) - მიქაუტაძეს აქილევსის მყესის გაწყვეტის გამო რვა თვე გაუცდა, ზაფხულში "მონპელიედანაც" წამოვიდა და ახალ კლუბში, ასევე ტოპ 14-ის "ბაიონში" დაახლოებით 1 თვის წინ ჩაირიცხა, სადაც 3 მატჩის ჩატარება მოასწრო და ფორმა გარკვეულწილად აღიდგინა. ორშაბათს კი "ბორჯღალოსნებს" შეუერთდა და დარჩენილ მატჩებში დაეხმარება. მიქაუტაძე წლებია საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი მეორეხაზელია, გიორგი ნემსაძის და შალვა სუთიაშვილის წასვლის შემდგომ კი, მისი როლი კიდევ უფრო გაიზარდა და მისი გამოცდილება და კლასი ფასდაუდებელია საქართველოს ნაკრების მეორე ხაზისთვის. წინა მატჩებში "ბორჯღალოსნებს" მოლში ძალიან გაუჭირდათ და ორივე მეტოქემ მოლიდან სამ-სამი ლელო დადეს. მიქაუტაძის დამატებით კი, არსებობს მოლოდინი, რომ ამ კომპონენტში თამაში გაუმჯობესდება. მისი დაბრუნება კარგი იქნება შერკინებისთვისაც, რადგან მისი გაბარიტების მქონე მოთამაშის მიერ ბურჯებისთვის კარგი ბიძგის მიცემაში ძალიან მნიშვნელოვანია. ასე რომ, 29 წლის მხტომელის თამაშზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. 



ურთიერთშეხვედრები

ამ გუნდების გზები აქამდე ორჯერ გადაიკვეთა. 2017 წლის ნოემბრის ტესტებზე "ფრინსიფალითი სთედიუმზე" უელსმა დიდი გაჭრივებით 13:6 იმარჯვა. ამ შეხვედრის უკანასკნელ 15 წუთში "ბორჯღალოსნებს" დიდი უპირატესობა ჰქონდათ და 5-მეტრიანში ძალიან დიდი დრო გაატარეს, მათ შორის გაწითლებულ დროშიც ლელოსთან ძალიან ახლოს იყვნენ, როდესაც უელსელებმა წესები დაარღვიეს და მოედნიდან მარჯვენა ბურჯის ტომას ფრანცისი გაასინბინეს, შემცვლელ ბურჯზე კი უელსელებმა მოიმიზეზეს, რომ ტრავმირებული ჰყავდათ და შერკინებაში არ დაგვიდგნენ, აუტიდან დაწყებული შეტევა კი გაჭირვებით მოიგერიეს, უფრო სწორად კი, როდესაც ლელოდან 2-3 მეტრში ვიყავით, მსაჯმა მატიო რეინალმა ჩავარდნის გამო დაგვაჯარიმა და უელსი დიდ უსიამოვნებას გადაურჩა. 

რაც შეეხება მეორე მატჩს, 2019 წლის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში უელსმა პრობლემების გარეშე 43:14 იმარჯვა. 

მსაჯები

შეხვედრის მთავარი მსაჯი ორივე ნაკრებისთვის კარგად ნაცნობი 33 წლის ლუკ პირსი იქნება, რომელმაც 2019 წლის მსოფლიო თასზე ამ გუნდების მატჩში იმსაჯა. აღსანიშნავია, რომ პირსი უელსში, პონტიპულშია დაბადებული, თუმცა ინგლისში ადრეულ ასაკში გადავიდა საცხოვრებლად და ექსეტერში გაიზარდა.

პირსი 21 წლის იყო, როდესაც ინგლისის ჩემპიონშიპში ანუ მეორე დივიზიონში იმსაჯა, ხოლო 2011 წლიდან უმაღლეს დონეზე მსაჯობს, როდესაც ის მხოლოდ 24 წლის იყო, პრემიერშიპში და ჩელენჯ თასზე მსაჯობა ანდეს, ორი წლის შემდეგ კი ანუ 2013 წელს ჩემპიონთა თასზე იმსაჯა, ასევე 2013 წლიდან უძღვება ტესტ-მატჩებსაც. 

პირსმა პირველი დონის ნაკრების მატჩი პირველად 2017 წლის ზაფხულის ტესტებზე განსაჯა: არგენტინის ნაკრებმა შინ საქართველო 45:29 დაამარცხა. 2018 წელს უკვე ტიერ 1-ის გუნდების ჯახი ანდეს, ხოლო 2019 წელს მსოფლიო თასზე იმსაჯა. 

დანარჩენი მსაჯები ირლანდიელები იქნებიან: კიდეებიდან ანდრიუ ბრეისი და ფრანკ მერფი, ხოლო ვიდეორეფერი ქალბატონი ჯოი ნევილი. 

სად ვუყუროთ?

მატჩი თბილისის დროით 21:15 საათზე დაიწყება და მას ტელეკომპანიას "იმედის" და რაგბი ტვ-ის ეთერში იხილავთ.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"