ლევან მაისაშვილი: "ჩვენი პრობლემები მოთამაშეების 20-წლამდელთა ნაკრებიდან წასვლის შემდგომ იწყება"

ლევან მაისაშვილი: "ჩვენი პრობლემები მოთამაშეების 20-წლამდელთა ნაკრებიდან წასვლის შემდგომ იწყება"

საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატი კვლავ მარტივად მოიგო. „ბორჯღალოსნებმა“ მე-12 საჩემპიონო ტიტული გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, პარიზში პორტუგალიასთან მოგებით (39:24) გაინაღდეს, ხოლო უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც „მიხეილ მესხზე“ რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ უნდა გამართულიყო, კორონავირუსის გამო, განუსაზღვრელი დროით გადაიდო.

საკუთარი გუნდის გამოსვლით კმაყოფილი დარჩა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ მის გუნდს გარკვეული ხარვეზები ჰქონდა, თუმცა გაჭირვებით არც ერთ მატჩში არ გასჭირვებიათ და რომელიმე მატჩს მოიგებდნენ თუ არა, კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა. მისი თქმით, ამ რაგბი ევროპაზე საქართველოს ნაკრებმა თავისუფალი რაგბი ითამაშა, ყველა მორაგბეს თავისუფლება ჰქონდა და ეს მთავარი პოზიტივია.  ასევე კმაყოფილი იმ ახალგაზრდა მოთამაშეებით, რომელთაც ამ ტურნირზე დებიუტი ჰქონდათ.

მაისაშვილი შეეხო იმ პრობლემებს და გამოწვევებსაც, რომლის წინაშეც ქართული რაგბი დგას და აღნიშნა, რომ ჩვენი პრობლემები მას შემდგომ იწყება, რაც მოთამაშე 20-წლამდელთა ნაკრებიდან მიდის. მისი თქმით, შემდგომ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რომელი ქვეყნის კლუბში მოხვდება ნიჭიერი მორაგბე, რამდენად ძლიერი იქნება ეს გუნდი, ძირითად გუნდში იქნება თუ ესპუარებში და რამდენად ექნება მას თამაშის საშუალება.

 „ლელო სარასენსის“ მწვრთნელის თქმით, საჭიროა გამოინახოს გზა და მოხერხდეს ქართული ფრენჩაიზის რომელიმე ძლიერ ჩემპიონატში ჩართვა, რათა მოხერხდეს ამ პრობლემის გადაჭრა. მან ისაუბრა ქარის თასზეც, რომელშიც ქართული ფრენჩაიზის დამატება იგეგმება და ასევე „ლელო სარასენსის“ წლევანდელ წარმატებულ ასპრეზობაზე.

იხილეთ ლევან მაისაშვილის ვრცელი ინტერვიუ, რომელსაც Myrugby.Ge გთავაზობთ. 

- რაგბი ევროპაზე ნაკრების ძირითადი ბირთვი შეადგინეს იმ მოთამაშეებმა, რომლებმაც მსოფლიო თასზე იასპარეზეს. ივნისის ბოლოდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე ეს ბიჭები ერთად იყვნენ და შესაბამისად, როდესაც რაგბი ევროპის წინ შეიკრიბნენ, შეთამაშების პრობლემა არ უნდა ყოფილიყო. რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს ფაქტი?

-   იმ გუნდიდან, რომელიც მსოფლიო თასზე იყო, რა თქმა უნდა ბირთვი შევინარჩუნეთ, მაგრამ იყვნენ მთელი რიგი მოთამაშეები, რომლებიც იყვნენ პლანეტის პირველობაზე, თუმცა არ იყვნენ რაგბი ევროპაზე.  გარდა ამისა, ახალგაზრდა მორაგბეები დავიმატეთ.  თვითონ გაფართოებული შემადგენლობა ისე შევადგინეთ, რომ გვყოლოდა ის ბირთვი, რომელიც მსოფლიო თასზე იყო და პლუს შემოდინება ყოფილიყო ახალგაზრდა მორაგბეების, ვინც ვიცოდით მეტ-ნაკლებად 20-წლამდელთა ნაკრებიდან და ვისაც ჰქონდა მანამდე რაღაც შეხება ეროვნულ ნაკრებთან, მაგრამ ნაკლები დრო ჰქონდა. დაკომპლექტება ასე მოხდა.

რაც შეეხება იმას, რომ სრულად არ გადავახალისეთ შემადგენლობა, ამას ორი პასუხი აქვს. ერთი ის, რომ მე არ ვთვლი ამ ეტაპზე სწორად, რომ მხოლოდ იმ მოთამაშეებზე გაკეთდეს აქცენტი, რომლებსაც 2023 წელს მოუწევს თამაში, შემოდინება ახალგაზრდა მოთამაშეების ძველ მორაგბეებთან უნდა მოხდეს ეტაპობრივად და ეს ძალიან საფრთხო პროცესია, რომელსაც მთელი რიგი პროცესები ახლავს თან: დამკვიდრება ამ ახალგაზრდა მოთამაშეების, გამოცდილი მორაგბეების გამოცდილების გაზიარება და ა.შ. 

კიდევ ერთი მომენტი არის, ასეთი ღია, აშკარა და თამამი ექსპერიმენტისთვის, ამ მოკლე ვადაში არ იყო ამის დრო, რადგან ძალიან ფორსირებულად მოხდა ამ შემადგენლობის შეკრება და გრძელვადიან პერსპექტივაში ეს უფრო მეტად საფიქრალი და საფრთხილოა და არა ასე რომ ვთქვათ, ერთი ხელის მოსმით ამის გაკეთება.

 - პორტუგალიასთან მატჩში ძირითად შემადგენლობაში გამოცდილი უკანახაზელების დაყენება გადაწყვიტეთ, რამაც გულშემატკივრებში ბევრი კითხვა გამოიწვია და აინტერესებდათ, თუ რა იყო ამის მიზეზი.

-  ეს რამდენიმე ფაქტორით იყო განპირობებული. მე მსურდა, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე გაფართოებულ შემადგენლობაში მყოფ ყველა მორაგბეს მისცემოდა თამაშის შანსი, რა თქმა უნდა, პროცენტულად ზოგს მეტი სათამაშო დრო ექნებოდა, ზოგს - ნაკლები. იმ მატჩისთვის არსებობდა რამდენიმე ფაქტორი, იყო პატარ-პატარა ტრავმები, გათვლაც მთლიანობაში იყო ისეთი, რომ ამ შემადგენლობას მოუწია თამაში.

ის რომ ახალგაზრდა მორაგბეებს არ ვენდე და გამოცდილებს ვენდე, ასე ნამდვილად არ ყოფილა და ეს აბსურდია. იყვნენ ახალგაზრდა მოთამაშეები, რომლებსაც ვენდე ისეთ თამაშებში, რომ საერთოდ პრობლემას არ წარმოადგენდა და ამის მაგალითებიც ბევრი გვქონდა რაგბი ევროპაზე. ასე რომ, ეს მხოლოდდამხოლოდ ის მომენტი იყო, რომ ამ კონკრეტული თამაშისთვის შემადგენლობის მხრივ ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ტურნირზე მაქსიმალურად გვინდოდა გამოგვეყენებინა ყველა ის მოთამაშე, რომლებიც გაფართოებულ შემადგენლობაში იყვნენ და თამაშის დრო ჰქონოდათ.

- რაგბი ევროპაზე ოთხი შეხვედრის ჩატარება მოგიწიათ და ჩემპიონის ტიტული ნაადრევად გაინაღდეთ, ხოლო მეხუთე შეხვედრა კორონავირუსის გამო, განუსაზღვრელი დროით გადაიდო. როგორ შეაფასებდით განვლილ ტურნირს? რომელ გუნდთან გაგიჭირდათ ყველაზე მეტად?

- გაჭირვებით, არც ერთ თამაშში არ გაგვჭირვებია. ამ თამაშებიდან არც ერთში არ ყოფილა იმის განცდა, რომ შეიძლება რომელიმეში ვერ მოგვეგო. უბრალოდ იყო მომენტები, სადაც ვთქვათ, დასახული მიზანი მაქსიმალურად ვერ შევასრულეთ და გვქონდა პრობლემები, თუნდაც პორტუგალიასთან მატჩში იყო გარდამტეხი მომენტები, სადაც ჩვენ გავუშვით თამაშის სადავეები ხელიდან, ანუ ჩვენი მართვით და კარნახით ვერ წავიდა თამაში, იქიდან გამომდინარე, რომ ორჯერ, როდესაც ჩვენ უნდა აგვეღო ქულა, დავუშვით შეტევაში შეცდომა და აქეთ მივიღეთ ქულები.

იყო ასევე ესპანეთთან შეხვედრის მეორე ტაიმი, როდესაც მოვექეცით მოწინააღმდეგის თამაშის ზეგავლენის ქვეშ, თუმცა ამას მეორე მომენტიც აქვს, რომ ამ შემთხვევაში დაცვაში საკმაოდ კარგად გაისარჯნენ ბიჭები, საკმაოდ ხანგრძლივი შეტევების მოგერიება მოუხდათ, ეს მომენტიც იყო. ჩვენი მიზანი ამ ტურნირზე იყო, რომ გამოგვეცადა და გაგვეტესტა, რასაც ჩვენ ვგეგმავდით და ნაკლებად, თუ რას გეგმავდა მოწინააღმდეგე.

 სამკუთხედის პრინციპი გვაქვს, შეტევაშიც და დაცვაშიც. ერთი ზუსტად ვიცოდეთ მენტალური კუთხით, თუ რა არის ჩვენი შეტევა, დაცვა თუ ნებისმიერი ქმედება, მეორე არის თუ სტრუქტურულად რას ვაკეთებთ და მესამე არის უნარჩვევები, ამისთვის რაც გვჭირდება. მთავარი მიზანი, რაც აქ იყო, გახლდათ ის, რომ შეცდომებზე ნაკლები პრობლემა გვქონდა ერთმანეთთან, მთავარი იყო ის, გვცოდნოდა თუ რა ტიპის შეცდომებს დავუშვებდით, არ ყოფილიყო გაურკვევლობა.  ანუ, ვინც არ თამაშობს, ის შეცდომებსაც არ უშვებს, რაზედაც ძალიან მომთხოვნები ვიყავით მწვრთნელები მოთამაშეების და თვითონ მორაგბეები საკუთარი თავის მიმართ, ეს იყო დისციპლინა, იმის ცოდნა და კეთება, რასაც მოვითხოვდით და შრომისმოყვარეობა. ამ კუთხით ნაკლები პრობლემები გვქონდა ნამდვილად. მთლიანობაში კმაყოფილი ვარ.

მე ასე შევაფასებდი, ჩვენთვის ძალიან რთულია, რომ ბოლომდე შევინარჩუნოთ მაღალი თამასა ასეთ ჩემპიონატზე, როგორიც არის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, ორი აზრი არაა, აშკარად ერთი თავით მაღლა ვდგავართ დანარჩენ მეტოქეებზე და არ ვთვლი, რომ ეს კარგი მომენტია, რადგან ჩვენთვის ეს პრობლემაა. ჩვენ ამ ტიპის ჩემპიონატზე მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი სახე. თუ გადახედავთ, სულ სამი სანაკრებო ფანჯარა გვაქვს, ივლის-ნოემბრის ტესტები და რაგბი ევროპის ჩემპიონატი. აქედან გამომდინარე, იმდენად დიდი პერიოდი გვიწევს ჩვენი დონის და ჩვენზე მაღალი დონის გუნდებთან თამაშის გარეშე ყოფნა, რომ ჩვენთვის ასეთ ტურნირზე თამაში უფრო უკან გადადგმული ნაბიჯია, ვიდრე წინგადადგმული. ამიტომ, ერთგვარი გამოწვევაა, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი სახეც, წინ წავიდეთ და არ გავჩერდეთ ერთ ადგილზე, რადგან ერთ ადგილას გაჩერება და ნებისმიერი სტაგნაცია, რეგრესის წინაპირობაა. ასე რომ, ამ პირობებში, ჩვენთვის ამ ტურნირზე მონაწილეობა, ამ კუთხით ვთვლი, რომ გამოწვევებით სავსეა და რთულია, ბოლომდე მოტივაცია შეუნარჩუნო გუნდს და ზევით ახვიდე. ისევ იმ პრობლემასთან მივდივართ, რომ წელიწადში გვაქვს ძალიან ცოტა თამაშები ძლიერ გუნდებთან და როგორმე, ამას რაღაც უნდა მოვუხერხოთ, ვაჯობოთ ჩვენს თავს და შევინარჩუნოთ სახე რაგბი ევროპაზე და ღირსეულად მოვემზადოთ, ივლისის და ნოემბრის ტესტებისთვის. ეს არის მთელი გამოწვევა.

 - რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლინ ჯონსმა განაცხადა, რომ რუსეთი და რუმინეთი ერთ ადგილზე დგანან და რიგ მომენტებში უკან მიდიან, როდესაც პორტუგალია, ესპანეთი და ევროპის სხვა ქვეყნები მომავლისკენ იყურებიან, პროგრესირებენ. რომ გადავხედოთ პორტუგალიის 20-წლამდელთა ნაკრებს, მათ გასულ წელს ალაფა ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარეს, კანადა და ტონგა გაანადგურეს, ფინალში კი იაპონიასთან მხოლოდ ქულით წააგეს. გარდა ამისა, მათ და ესპანელებს ბევრი ახალგაზრდა მორაგბე ჰყავთ ფრანგული კლუბების ესპუარებში. როგორ ფიქრობთ, შეუძლია ამ ორ ქვეყანას ისე განვითარება, რომ უახლოეს წლებში საქართველოს რაგბი ევროპაზე კონკურენცია გაუწიონ?

- მოდით შევხედოთ, რუსეთს და რუმინეთს. სახეზეა მათი პრობლემები, რომელიც ახალგაზრდულ ნაკრებებში აქტივობებს ეხება. განსაკუთრებით ეს რუმინეთს ეხება, რომელსაც ამის ინტერესი ფაქტობრივად არ გააჩნია და მთელი ყურადღება მიმართეს შიდა ჩემპიონატზე, ნატურალიზებულ მოთამაშეებზე, ძალიან დიდი დრო დაკარგეს. თუ შევადრებთ ამ კუთხით იგივე პორტუგალიას, რომელსაც სერიოზული რეგრესი ჰქონდა და გავარდნილი იყო რაგბი ევროპის ქვედა დივიზიონში, თუმცა მათ ეს დრო გამოიყენეს იმაში, რომ ახალგაზრდულ რაგბიში უფრო მეტი დრო დახარჯეს და უფრო მეტად სერიოზულად მოეკიდნენ ამას, იგივე ესპანეთიც, მთელ რიგ ტურნირებზე კარგად ასპარეზობს და ფაქტი სახეზეა.

თუმცა, ამ კუთხით ჩვენთან თუ შევადარებთ, ცა და დედამიწაა სხვაობა. ხუთი წელიწადია, რაც 20-წლამდელთა ნაკრებს უმაღლეს დონეზე უწევს ასპარეზობა და ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ ახალგაზრდული ნაკრებების მწვრთნელები, როგორც 20-წლამდელების, ასევე 18-წლამდელების. ეს ყველაფერი მიბმულია კლუბების სტრუქტურასთან და ჩვენთან ეს მუშაობა მიდის. მე ვერ ვიტყოდი, რომ აქ ჩვენ არ გვაქვს რესურსი პროგრესის. პირიქით, ჩვენ ამის ძალიან დიდი რესურსი გაგვაჩნია და პირიქით, უფრო და უფრო უნდა განვავითაროთ ასაკობრივები.

დღესდღეისობით ჩვენი მოთამაშეების რაოდენობა, რომლებიც ხუთი წელიწადია მოგვეწოდება ქვედა ასაკობრივი ნაკრებებიდან, რომლებიც არიან საჭირო უნარჩვევებით აღჭურვილები, აქვთ მაღალ დონეზე ნათამაშები. ასეთი ბიჭები მრავლად დაგვიგროვდნენ და ისინი მრავლად იყვნენ წარმოდგენილნი ამ რაგბი ევროპაზეც. ამ კუთხით, ჩვენ გაცილებით წინ ვართ. 

ჩვენ ცოტა სხვა პრობლემა გვაქვს. რომ გადავხედოთ კლუბების მუშაობას, მათგან მოწოდებულ მოთაშეებს 18-წლამდელთა ნაკრებზე და იქიდან 20-წლამდელებზე, გარკვეულ პერიოდამდე, სანამ დაასრულებენ 20-წლამდელთა ნაკრებში იმ ორ-სამწლიან ციკლს, როდესაც უწევთ ამ ტურნირზე თამაში, მაგ პერიოდამდე აბსოლუტურად ნორმალურად მიდის ყველაფერი, კარგად მიდის მუშაობა ამ ბიჭებთან. ამის შემდეგ კი ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ სად მოუწევთ თამაში ამ მოთამაშეებს: თუ დიდ 10-ში დარჩებიან როგორ მოგხდება მათი ინტეგრაცია ამ გუნდებში, თუ საფრანგეთში წავლენ, რომელი გუნდი იქნება ეს და მოუწევთ თუ არა, პირველ გუნდში თამაში. ჩვენი პრობლემები უკვე იწყება შემდგომ. მრავლად გვყავს ჩვენც ფრანგული კლუბების ესპუარებში ისეთი მორაგბეები, რომლებსაც 20-წლამდელთა და 18-წლამდელთა ნაკრებებში აქვთ ნათამაშები, ძლიერ ტურნირებზე, მაგრამ უმეტესი მათგანი თამაშობს ესპუარებში , ხოლო ესპუარების თამაშის დონე, პირველი გუნდის თამაშის დონისგან რამდენად განსხვავდება, მოგეხსენებათ. ეს აბსოლუტურად, როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდება ერთმანეთისგან. ასევე კლუბებიც განსხვავდებიან, ზოგს კარგი ესპუარები ჰყავს, სადაც კარგი მუშაობა მიდის, ხოლო ზოგს ძალიან ცუდი გუნდი ჰყავს და ფაქტობრივად, აქ თვითონ თუ განვითარდა მოთამაშე, თორემ მის განვითარებაზე თითქმის არავინ მუშაობს. ეს ძალიან რთული პროცესია და აქედან გამომდინარე, უკვე ეს ბიჭები, როდესაც მიდიან 20-წლამდელთა ნაკრებიდან, 21, 22 და 23 წლის ბიჭები უკვე პრობლების ქვეშ გვყავს. კიდევ ვიმეორებ, ვისაც აქვს შანსი, რომ პირველ გუნდთან ივარჯიშოს და ძირითადად ეს მაინც არიან პირველხაზელები, მანდ შედარებით ნორმალურადაა საქმე, დანარჩენ შემთხვევაში, პრო დ2-ის ესპუარებთან ან კიდევ უფრო დაბალი რანგის გუნდის ესპუარებთან გვაქვს საქმე, აქ უკვე სერიოზული პრობლემებია.

აქ არის ყველაზე დიდი საფიქრალი. არ ვიცი როგორ იქნება გეგმაში, მაგრამ ზუსტად მანდ არის გადარჩენა და გამოსავალი, რომ გაკეთდეს ფრენჩაიზი და გაძლიერდეს შიდა ჩემპიონატი, დიდი 10-ის პროფესიონიზმმა უფრო მაღალ დონეზე აიწიოს. მთავარი არის თამაში, თუ ამ ბიჭებმა არ ითამაშეს, ეს წლები უცბად გაივლის. რაგბი ვითარდება, მსოფლიოც ვითარდება და აქედან გამომდინარე, ეს პრობლემა პრობლემად დარჩება თუ ამის მოგვარებაზე სერიოზულად არ დავფიქრდით და რაღაცა არ შევცვალეთ.

- ახსენეთ ფრენჩაიზი და პრობლემა, რომ რიგი მოთამაშეები, რომლებიც ვერ მიდიან საფრანგეთში, რჩებიან დიდ 10-ში, რომლისთვისაც აშკარად გადაზრდილები არიან და შემდგომი პროგრესი უჭირთ. როგორც ვიცით, ზაფხულიდან ქარის თასის პირველ დივიზიონში გვეყოლება ფრენჩაიზი, რაც აშკარად წინ გადადგმული ნაბიჯია. თქვენი აზრით, რამდენად წინ წაგვწევს ქარის თასზე მონაწილეობა და რას მისცემს აქ თამაში ასეთ მოთამაშეებს?

- თვითონ პროექტი პროექტად ძალიან კარგია და საინტერესოა, თუმცა როგორ მოხერხდება და რანაირად, ეს დეტალები ყველაფერი წინაა და მიჭირს ამაზე ჯერ რაიმე ვთქვა, თუმცა რას მოგცემს აქ თამაში ამაზე მარტივად შემიძლია გიპასუხოთ. 

2006 წელს ვცხოვრობდი სამხრეთ აფრიკაში, ძალიან კარგად ვიცნობ ამ გუნდების და ამ ტურნირის სპეციფიკას. ვოდაკომის თასი იყო, რომელსაც შეუცვალეს სახელი და სუპერ რაგბი ჩელენჯი დაერქვა,  ქარის თასია შემდეგ. აქ შეიძლება ის დონე არ იყოს, რაც მაგალითად სუპერ რაგბიშია, თუმცა თამაშის ტემპი და განსხვავებული სამხრეთული სტილი, რაც ძალიან ჭირდება და წაადგება თანამედროვე რაგბს, აქ არის. ჩვენთვის უკეთესი იქნება, უფრო მაღალი რანგის ტურნირს თუ გამოვნახავთ სათამაშოდ, მაგრამ მოცემული სიტუაციიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ამაზე უკეთესი ვარიანტი ჯერ ვერ გამოინახა. ასე რომ, ვთვლი, საკმაოდ საინტერესო პროექტია, როგორ მოხდება ამაზე მიბმა და რანაირად მოხდება ჩვენი გუნდის ჩართვა ამაში ამას მომავალი გვაჩვენებს, მაგრამ ეს რომ ჩვენთვის უფრო მეტის მომცემი იქნება, ვიდრე ის, რომ ვთქვათ, მხოლოდ დიდი 10-ის მატჩები ითამაშონ მორაგბეებმა და ფრანგული კლუბების ესპუარებში საშუალო დონის თამაშები ითამაშონ, ამაზე კამათიც არ ღირს. რა თქმა უნდა, ბევრის მომცემი იქნება და მთელ რიგ პროცესებში წინ წაგვწევს ეს.

- რაგბი ევროპაზე ახალი სახეებიც ბევრნი იყვნენ, ახალგაზრდა მოთამაშეები. თუ გამოყოფდით კონკრეტულ მოთამაშეებს და როგორ შეაფასებდით მათ?

-  დავიწყებდი აკაკი ტაბუცაძით, რომელიც ჩემთვის უცხო ნამდვილად არ არის. ეს ბიჭი ჩემთვის ყოველთვის საინტერესო იყო და თვალთახედვის არეში გახლდათ. მას აქვს ბევრი კარგი უნარჩვევები, არის კარგი დამბოლოვებელი, ძალიან სწრაფია, ფიზიკურად კარგად არის მომზადებული და ორ თამაშში ხუთი ლელოს გატანა არ არის პატარა ამბავი, არ აქვს მნიშვნელობა თუ რა დონის გუნდს ეთამაშები.

ასევე გამოვყოფდი ლაშა ჯაიანს. მისი შრომისმოყვარეობა მართლაც შესაშური უნარჩვევაა, უდაოდ გონიერი, ინტელექტუალური მოთამაშეა. მთელ რიგ სიტუაციებში, სადაც კი რაღაც მითითება მიმიცია, მეორეჯერ აღარ დამჭირვებია ამის განმეორება. აბსოლუტურად კარგად ესმის მუშაობის პროცესი, არის ძალიან შრომისმოყვარე და დიდ იმედებს ვამყარებთ მასზე, თანაც ჩვენ ამ პოზიციაზე  სიღრმე არ გვაქვს, აქაც არის იმის პრობლემა, რომ სასურველია, უფრო მაღალი დონის, პროფესიონალურ კლუბში ითამაშოს, რადგან ამ ეტაპზე საუნივერსიტეტო რაგბს თამაშობს, ექსეტერის უნივერსიტეტში. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხარისხიან გუნდში, ნორმალური კონტრაქტი ჰქონდეს.

ასევე ძალიან საინტერესო მოთამაშეა თორნიკე ჯალაღონია. სამწუხაროდ, არ მიმეცა იმის საშუალება, რომ მისთვის ბევრი სათამაშო დრო მიმეცა. პორტუგალიასთან მატჩში ისე მოხდა, რომ იძულებითი ცვლილებები გავაკეთეთ და ადრევე რომ გამეკეთებინა კიდევ ერთი შეცვლა, შემდეგ ტრავმის შემთხვევაში, მოთამაშე დაგვაკლდებოდა. ამიტომაც, მეტი დრო ვერ მივეცი. რუსეთთან მატჩში 23-კაციან განაცხადში იმყოფებოდა, თუმცა აქაც არ გაუმართლა, რადგან შეხვედრა გადაიდო. თანაბრად არის კარგად ბალანსებული, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში, მოაზროვნეა და საკუთარი თამაშით ლიდერია, რაც ძალიან გვჭირდება დღევანდელ რაგბიში.  აქვს ძალიან კარგი სათამაშო ალღო, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია დღეს.

დემე თაფლაძეს, ლაშა ლომიძეს გამოვყოფდი და შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ის ახალგაზრდა მორაგბე, რომლებსაც ჩვენ ვენდეთ და დებიუტი ჰქონდათ რაგბი ევროპაზე, კარგები იყვნენ და იმედები არავის გაუცრუებია. მარტო თამაშით არ შევაფასებ, თვითონ სავარჯიშო პროცესიდან გამომდინარეც ვამბობთ ამას, ჩვენ ყველა ვარჯიშს ვიღებთ, ყველა ვარჯიშს ვაკვირდებით და შესაბამისად, სავარჯიშო პროცესიც არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რა თქმა უნდა თამაშთან ერთად.

- ყველაზე მეტად რა იყო პოზიტიური ასპექტი ამ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, რაც თქვენ დაინახეთ?

- თავისუფლება. პირველივე დღიდან მოთამაშეებს ძალიან მკაფიო მოცემულობა მივეცით, როგორც ზემოთაც აღვნიშნე, ჩვენ არ ვჩხუბობთ შეცდომებზე, ჩვენ პრეტენზია გვაქვს მხოლოდ უდისციპლინობაზე და ნაკლებშრომისმოყვარეობაზე. თავიდანვე ამაზე გვქონდა აქცენტი გაკეთებული და ამან შედეგი გამოიღო, რადგან მთელ რიგ მომენტებში თავისუფლად მიღებულ გადაწყვეტილებებზე ხდება თავისუფალი რაგბის თამაშის აგება. რა თქმა უნდა იყო შეცდომები, რა თქმა უნდა იყო ისეთი მომენტებიც, სადაც კარგი იქნებოდა თუ უკეთ ვითამაშებდით, მაგრამ ყველაზე პოზიტიური რაც იყო ამ თამაშებზე, რაც მე ბიჭებისგან ვიგრძენი ეს არის თავისუფლება, ისინი თავისუფლად თამაშობდნენ და ამ თავისუფლების მიცემით ნამდვილად არ ყოფილა ის მომენტი, რომ ზედმეტმა თავისუფლებამ უდისციპლინობაში ჰპოვა გამოვლინება, ეს უდავოდ პოზიტივია. ეს მოთამაშეებისგანაც ვიგრძენი და შეფასებებშიც, მათთვის გაცილებით ადვილი გახდა თამაში. ასევე მნიშვნელოვანია, თამაშის, სისტემის, სტრუქტურის ცოდნა. ყველაზე მეტ დროს ვუთმობდით, რომ ზუსტად გვცოდნოდა, თუ რისი გაკეთება გვინდოდა. საბოლოო ჯამში თამაში აგებული გვქონდა იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებებს მივიღებით და არა ვთქვათ, დაპროგრამებული, ზეპირი თამაში. შეიძლება რაღაც წინასწარ დაგვეგმოთ, თუმცა გადაწყვეტილებები მოედანზე მოთამაშემ უნდა მიიღოს და ამ გადაწყვეტილებაში უნდა იყოს თავისუფალი. თუ ის შეცდომას დაუშვებს, შემდგომ ამის ანალიზი ხდება, თუ რამ გამოიწვია ეს შეცდომა, უნარჩვევების ბრალი იყო, რაღაცის არასათანადოდ ცოდნის, შეუთამაშებლობის თუ სხვა,  ამაზე უკვე შემდეგ მიდის მუშაობა. ამ კუთხით, ამ მოკლე ვადაში რაც დავგეგმეთ, ეს მივიღეთ და ვიტყოდი, რომ ამ კუთხით ეს ერთგვარი პროგრესი იყო.

კიდევ ერთი მომენტი იყო, რომ პირველივე დღიდან გვქონდა მცდელობა, უფრო მეტი ლიდერები წარმოგვეჩინა მოედანზე. არა აქვს მნიშვნელობა ის იქნება თუ არა თამაშზე კაპიტანი. შეიძლება, რომ მორაგბე კაპიტანი არ იყოს, მაგრამ მოედანზე საკუთარი მოქმედებებით, გადაწყვეტილებებით, გაკეთებული ბოჭვებით ან გარღვევებით იყოს ლიდერი. ანუ უფრო მეტი ინიციატორი გვინდოდა მინდორზე, ვარჯიშზეც უფრო მეტი თავდაჯერებული მოთამაშეები და უფრო მეტი ლიდერი. ამ კუთხით გავწიეთ რაღაც სამუშაო. ეს არ არის მოკლევადიანი სამუშაო და ამაში მომავალშიც გვექნება ინდივიდუალური საუბრები ბიჭებთან, წახალისება. გვქონდა ლეგიონერებთან იმ საკითხზე საუბარი, თუ ვინმე დავუშვათ იქ მეორე ან მესამეა საკუთარ პოზიციაზე, არ უნდა შეეგუონ ამ აზრს და მუდმივი სწრაფვა ჰქონდეთ იმისკენ, რომ პირველები გახდნენ გუნდში და მარტივ წარმატებას არ უნდა დაჯერდნენ. ამ მხრივ საკმაო მოცულობი სამუშაო შევასრულეთ მოკლე ვადაში და ძალიან დიდ იმედს ვიტოვებ, რომ სამომავლოდ ეს საკმაოდ წინ წაგდებული ნაბიჯია და ეს ბევრ რამეში გამოგვადგება.    

- როგორც ვიცით, “რაგბი ევროპამ“ მისი ეგიდით ჩასატარებელი ყველა მატჩი მინიმუმ 15 აპრილამდე გადადო. ხომ არ ყოფილა რაიმე კონსულტაცია იმაზე, თუ დაახლოებით, როდის შეიძლება ჩაინიშნოს რუსეთთან მატჩი? ან „მსოფლიო რაგბისგან“  ხომ არ თქმულა რაიმე ივლისის ტესტების გადადებაზე?

- ასეთი ჯერჯერობით არაფერი არ ყოფილა. მსოფლიოში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, „რაგბი ევროპა“ და „მსოფლიო რაგბი“ გამოუვალ ვითარებაში იმყოფებიან და მეეჭვება, ჯერჯერობით რაიმეს თქმა და დაგეგმვა შეეძლოთ. ამას უახლოესი კვირები გვაჩვენებს, თუ როგორ მოხდება დაავადებასთან ბრძოლა და მოხდება თუ არა მისი მასშტაბის შემცირება. თუ რაიმე არ შეიცვალა, არ გვაქვს იმის გარანტია, რომ თუნდაც 14 აპრილს რაიმე გვეცოდინება.

- 2013-2016 წლებში „ლელო სარასენსი“ ზედიზედ ოთხჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, თუმცა უკანასკნელი სამი სეზონის განმავლობაში ძველებურ შედეგებს ვეღარ აჩვენებდა და ფინალამდეც ვეღარ მიაღწია, რასაც რა თქმა უნდა თავისი მიზეზები გააჩნია. მიმდინარე სეზონში თქვენი გუნდი ძალიან კარგ ფორმაშია, უკანასკნელ ტურში ბათუმში იმარჯვეთ და დიდ 10-ში გალიდერდით. რის ხარჯზე ათამაშდა „ლელო სარასენსი“ ასე კარგად და შეუძლია თუ არა გუნდს ჩემპიონო საბოლო ჯამში?

- ბოლო წლებში, ჩვენი პრობლემები გამოწვეული იყო ფინანსური პრობლემებით, რომელიც არც მანამდე გვაკლდა, როდესაც ოთხჯერ გავხდით ჩემპიონები, მაშინაც პრობლემების ქვეშ ვთამაშობდით ნამდვილად, მაგრამ უკვე ბოლოსკენ, როდესაც მეოთხედ გავხდით ჩემპიონი, უკვე მომდევნო სეზონი დავიწყეთ ძალიან ბევრი მოთამაშის გარეშე, რომლებმაც კლუბი დატოვეს. ეს გადინება ბოლო სამი წლის განმავლობაში მუდმივად გრძელდებოდა. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ საკმაოდ ძლიერ ბავშვთა სკოლა გვაქვს და უმეტესად, ჩვენგან კომპლექტდება ახალგაზრდული ნაკრებები, ამ ჭაბუკი მორაგბეების რაოდენობა საკმაოდ მაღალია, მაგრამ არის ერთგვარი მომენტი, ამ პატარა ასაკის მოთამაშეებს სჭირდება დრო, ზუსტად ეს არის ის დრო, როდესაც ამ სამი წლის განმავლობაში ამ მორაგბეებს გამოუმუშავდათ საჭირო თვისებები, ასაკი მოემატათ, კუნთიც გაეზარდათ, დაკაცდნენ უფრო მეტად და შეთამშდნენ უფრო მეტად. გუნდს ყველაზე მეტად ანგრევს შეუთამაშებლობა. ფაქტიურად, წელს პირველი სეზონია, როდესაც მეტ-ნაკლებად უკვე შეთამაშებული გუნდი,  უფრო გამოცდილი და ფიზიკურად უფრო უკეთეს კონდიციებში მყოფი მოთამაშეები გვყავს. ამ შედეგის ერთ-ერთი მიზეზიც ეს არის.

გარდა ამისა, კლუბში მიდის ძალიან კარგი პროცესები. გვყავს სამწვრთნელო შემადგენლობა ძალიან კარგად დაკომპლექტებული. შევქმენით ფიზმომზდების მომზადების ჯგუფი, სადაც მუშაობა მიდის აბსოლუტურად შეთანხმებულად. ერთადერთი კლუბი ვართ დიდ 10-ში, რომელიც ჯი პი ეს იყენებს. ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო, თუმცა ძირითადი მომენტი მაინც გუნდის შეთამაშება და ამ ბიჭების ზრდაა. ძალიან ძნელი იყო 17-18 წლის ბიჭებით თამაშით, მათ ნაკლებობას არც ახლა ვუჩივით, თუმცა მთლიანობაში მაინც ბირთვი შეიკრა.

წელს რა თქმა უნდა ჩემპიონობას ვუმიზნებთ. საკმაოდ საინტერესო სეზონია, დიახ ბოლოსკენ გავლიდერდით, თუმცა მთელი რიგი თამაშები გვქონდა, სადაც შეგვეძლო მოგება და ვერ მოვიგეთ. დღევანდელ პირველ ადგილს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა ამ ეტაპისთვის ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია და როდესაც ოთხი ტურია დარჩენილი პლეი-ოფებამდე, ყველაფერი ჩვენს ხელშია და პირველ-მეორე ადგილზე გასვლა ძალიან გაგვიადვილებს ჩვენს მიზანს. პრობლემა ის გვაქვს, რომ რამდენიმე წამყვანი მოთამაშე 20-წლამდელთა ნაკრებში გვყავს და პლეი-ოფში ალბათ ეს მორაგბეები არ გვეყოლებიან, რაც ჩვენთვის მუდმივი პრობლემაა. აქ ორი რამაა: როდესაც შანსი გვაქვს ეს 20-წლამდელთა მოთამაშეები სულ უნდა ვათამაშოთ, რადგან მათ ამის დეფიციტს ვერ გავუჩენთ, მაგრამ როდესაც გადამწყვეტ მომენტში, პლეი-ოფში ეს მოთამაშეები აღარ არიან, ეს უკვე პრობლემას ქმნის რა თქმა უნდა.   

   

კომენტარები

სამხრეთ აფრიკის ნაკრების ყოფილ მორაგბეს კორონავირუსი დაუდგინდა
უელსის ნაკრების სტადიონზე დიდი საავადმყოფო მოეწყობა
ოფიციალურად: "სარასენსმა" ერთ-ერთი ლიდერი შეინარჩუნა
ოფიციალურად: იტალიაში სარაგბო სეზონი ანულირებულია
საფრანგეთში სამოყვარულო რაგბის სეზონი დასრულებულად გამოცხადდა
ჩესლინ კოლბი v ბრაიან ჰაბანა [VIDEO]
ქერთლი ბილის ანაზღაურება "რასინგ 92"-ში ცნობილია
ლექსო ყაულაშვილი: „სიცრუეა, რომ თითქოს საფრანგეთის ნაკრებში მსურდა თამაში“
ჯაბა ბრეგვაძე - ფორმის შესანარჩუნებლად სახლში ვვარჯიშობ
ტოპ 6 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი რაგბიში